არ ვიცი ამ ეტაპზე რამდენადაა ამერიკის კონგრესი მზად იმისთვის, რომ საქართველოსთან სამხედრო კავშირები არსებულზე მეტად გააღრმაოს და რუსეთი გააღიზიანოს, თუმცა საქართველოსთან ეკონომიკური და დიპლომატიური ჩართულობის გაზრდა მოსალოდნელია, - ამის შესახებ „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის" ახლო აღმოსავლეთის მკვლევარმა მაიკლ რუბინიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროს განუცხადა.
ჟურნალისტისა და მკვლევარის საუბარი ინტერვიუში ამერიკა-თურქეთის ურთიერთობას და ამ ჭრილში საქართველოს როლს შეეხებოდა.
“საქართველო ორ ცეცხლს შუაა მოქცეული. თურქეთი მეზობელი, შედარებით პატარა ქვეყნების მიმართ, უფრო აგრესიული გახდა საკუთარი მოთხოვნებით. საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რასაც აქამდეც ძალიან დიდი წარმატებით აკეთებდა. ვაშინგტონთან ახლო ურთიერთობის გამოყენებით, თურქეთსა და მოსკოვს უნდა უთხრას, რომ ამერიკასთან პარტნიორობის გამო, მათ ზოგიერთ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. სენატორ მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო ამერიკის კონგრესში, თბილისმა უნდა გააკეთოს ყველაფერი ამერიკის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა მაიკლ რუბინიმ.
მკვლევარი ფიქრობს, რომ მიუხედავად თურქეთთან დაძაბული ურთიერთობისა, ამერიკის მხრიდან სავარაუდოდ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობას რაიმე ზიანი არ მიადგება.
„ვაშინგტონის გადმოსახედიდან, საქართველოს ირანთან დაახლოება უფრო სერიოზული საკითხი იქნება, ვიდრე თურქეთთან დაახლობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაარღვევს“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმას, შეუძლია თუ არა საქართველოს, შავი ზღვის რეგიონში ამერიკისთვის საკუთარი როლი გაზარდოს და ზოგიერთი ის ფუნქცია იტვირთოს, რასაც მაგალითად თურქეთი აკეთებს ახლა, მაიკლ რუბინი პასუხობს, რომ „საქართველოსთვის ეს ძალიან რთული იქნება რუსეთის ზეწოლის გამო“.
„ამერიკა ბოლო პერიოდში რუმინეთს სამხედრო კუთხით მნიშვნელოვნად დაუახლოვდა. ჩემი აზრით, თუ თურქეთი შეერთებული შტატებისთვის ნაკლებად სანდო მოკავშირე გახდა, ამერიკის „გეგმა ნომერი 2“ რუმინეთში, იორდანიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ყოფნის გაზრდა არის. არ ვიცი ამ ეტაპზე რამდენადაა ამერიკის კონგრესი მზად იმისთვის, რომ საქართველოსთან სამხედრო კავშირები არსებულზე მეტად გააღრმაოს და რუსეთი გააღიზიანოს. თუმცა საქართველოსთან ეკონომიკური და დიპლომატიური ჩართულობის გაზრდა მოსალოდნელია. აქვე უნდა ვთქვა, რომ მთელს რეგიონში არც ერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი რეპუტაცია და მხარდაჭერა, როგორც საქართველოს“, - აღნიშნა მაიკლ რუბინიმ.