კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში მშენებლობა არ განხორციელდეს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არ განხორციელდეს მშენებლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სასტუმრო "ბუდაპეშტის" ინვესტორი მერიის მიერ შეთავაზებულ ორ წინადადებას არ დათანხმდა, თუმცა, კიდევ ერთი შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება.

„უკანონოდ რომ იყო გაცემული ნებართვა, მაგას ვყვირით ამდენი ხანი და მაგას ყვიროდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ამ მშენებლობას აპროტესტებდნენ. ბატონმა უგულავამ, რომელიც ქალაქის მერი გახლდათ, რა თქმა უნდა, არასწორად გასცა ნებართვა. სპეცნებართვაა გამოცემული იმისთვის, რომ ვაკის პარკში აშენებულიყო 30-მეტრიანი, 8-9 სართულიანი შენობა-ნაგებობა. ეს, რა თქმა უნდა, უკანონო იყო და ამას ვეწინააღმდეგებით ყველა და ვიბრძვით, რომ არ მოხდეს ასეთი მასშტაბური მშენებლობა ვაკის პარკში, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ ორი წინადადება შევთავაზეთ ინვესტორს, რომელზეც უარი განაცხადა. ეს იყო ადგილმონაცვლეობის საკითხი ან აღდგენილიყო იგივე შენობა, რესტორანი "ბუდაპეშტი", რომელიც ვაკის პარკთან ერთად აშენდა. აღდგენილიყო იგივე ზომებში და მოცულობებში, რაზეც უარი მივიღეთ. უახლოეს დღეებში კიდევ გვექნება შეხვედრა დედაქალაქის მერიაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მწვანე სივრცეში, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არ განხორციელდეს მშენებლობა",- განაცხადა კალაძემ.