საქართველოში საფრანგეთის ელჩი გიორგი გახარიასთან შეხვედრას გეგმავს

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას გეგმავს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევის, კრიმინალური ქმედებებისა და თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთი ლტოლვილის სტატუსს ანიჭებს იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ეს რეალურად სჭირდებათ და ამის მაგალითად მან სირია მოიყვანა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები ლტოლვილის სტატუსს უფრო ეკონომიკური მოტივით ითხოვენ.

„ჩვენ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მივიჩნევთ. პრობლემა არის ის, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში თავშესაფარს მოითხოვენ, ვერ მიიღებენ, რადგან მათი მოთხოვნის მოტივი უფრო ეკონომიკური ფაქტორია, ვიდრე პოლიტიკური. ამ საკითხთან დაკავშირებით ვიფიქრებთ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმებზე. არ მიმაჩნია, რომ უსაფრთო ან არაუსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება ბევრ რამეს ცვლის”,- აღნიშნა პასკალ მენიემ.

მისივე თქმით, ასევე, რამდენიმე ქვეყნის ელჩთან შეხვედრა გასულ კვირას შედგა, სადაც აღნიშნულ საკითხებზეც ისაუბრეს.