ზაქარია ქუცნაშვილი - უზენაეს სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების განცხადება იმის ადეკვატურია, რა სიტუაციაც სიასთან დაკავშირებით შეიქმნა

ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ადეკვატურია უზენაეს სასამართლოში წარდგენილ მოსამართლეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა მათი კანდიდატურები არ განიხილოს.

“გამომდინარე იქედან, რომ უზენაესი სასამართლო არის საკასაციო ინსტანცია, რითაც ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დავების განხილვა მთავრდება, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სხვანაირად რომ ვთქვათ, საკასაციო ინსტანციის სასამართლო პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე-უსწორობას ამოწმებს. აქედან გამომდინარე, მისი როლი და მნიშვნელობა სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს - ის არის უზენაესი. უზენაეს სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების განცხადება არის ადეკვატური იმისა, რა სიტუაციაც პარლამენტში წარდგენილ სიასთან დაკავშირებით შეიქმნა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი იმასაც ამბობს, რომ ზოგადად, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კარგი პრაქტიკა არ არის. დეპუტატის აზრით, სჯობდა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გარკვეული ვადით დანიშნულ მოსამართლეებს ემუშავათ, ხოლო გამოცდილებიდან და დამსახურებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კარგი მოსამართლეები უვადოდ უზენაეს სასამართლოში დანიშნულიყვნენ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს პარლამენტს მიმართეს, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა