დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს „ევროპის სახალხო პარტიიდან“ - იყავით კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, ასამბლეის სხდომაზე, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

დეპუტატმა ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალი პრეზიდენტის არჩევას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ქალთა გაძლიერებისთვის და ხელს უწყობს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას.

ჩატარებულ არჩევნების შესახებ წარმოდგენილ ანგარიშზე საუბრისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა აღნიშნა, რომ „არჩევნები საქართველოში იყო თავისუფალი და სამართლიანი, კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, როგორც აღნიშნულია ანგარიშში“, თუმცა, პარლამენტის წევრის თქმით, „ამ პროცესში, ასევე ყველამ ნათლად დაინახა საარჩევნო სისტემის გარკვეული ნაკლოვანებები“.

„ანგარიშში არის პროცესის ობიექტური კრიტიკაც. ყველამ ნათლად დაინახა საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებები და სისტემის შემდგომი გაუმჯობესების საჭიროება. ჩვენი დემოკრატიზაციის წარმატების ისტორია ახალი უფრო მაღალი ნიშნულისკენ მიისწრაფის და მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს კოლეგებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში, რათა მივაღწიოთ დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა საპრეზიდენტო არჩევნებში, ქალი კანდიდატის მიმართ წარმოებულ კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების მხრიდან უპრეცენდენტო შეტევისა და შეურაცხყოფის სამიზნე გახდა.

მისივე თქმით, უარყოფით კამპანიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც, რომლის მხრიდან აგრესიის სამიზნე, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, სხვა ქალი პოლიტიკოსებიც, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი გახდა.

„სამწუხაროდ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში, ქალი კანდიდატის მიმართ წარმოებული სამარცხვინო კამპანია ნეგატიურ სიგნალად იქცა პოლიტიკით დაინტერესებული ყველა ქალისთვის. სალომე ზურაბიშვილი გახდა უპრეცედენტო შეტევების, შეურაცხყოფისა და შევიწროების სამიზნე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, არჩევნების ორივე დღემდე, ბოლო კვირების განმავლობაში. მისი საჯარო შეხვედრებს თან სდევდა მისი ოპონენტების საარჩევნო შტაბების წარმომადგენელთა მხრიდან ორგანიზებული პროვოკაციული საპროტესტო პერფორმანსები.

ამ უარყოფით კამპანიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი, რომელსაც უწინ დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს ყოველდღიურად, ძალიან აგრესიული ფორმით, სიძულვილის ენის გამოყენებით უტევდა. სალომე ზურაბიშვილი არ იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აგრესიის ერთადერთი სამიზნე. ის უტევდა სხვა ქალ პოლიტიკოსებსაც და მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია დიდი პრობლემაა თანამედროვე პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო პოლარიზებას ეხმარება პოლიტიკური თანამოაზრეების მხარდასაჭერად გაკეთებული გარკვეული განცხადებებიც. საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპის სახალხო პარტიას (EPP) კრიტიკული, მაგრამ იმავდროულად ობიექტური განცხადებებისკენ მოუწოდა.

„მომხსენებლის ერთ-ერთი კრიტიკული კომენტარი ეხებოდა პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციას საქართველოში. ეს მსოფლიოში თანამედროვე პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის დიდი პრობლემაა. ცხადია, საქართველოს შემთხვევაში, პოლარიზაცია უფრო მწვავე ფორმას იძენს, დემოკრატიაში გამოცდილების ნაკლებობისა და ჩვენი ემოციური ხასიათის გამო. იმავდროულად, გარკვეული განცხადებები, რომლებიც პოლიტიკური თანამოაზრეების მხარდასაჭერად კეთდება და რომლებიც ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს და არ არის ობიექტური, ხელს უწყობს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო პოლარიზებას. ძვირფასო კოლეგებო, მიმდინარე დებატებს ყურადღებით ადევნებს თვალს და აკვირდება ქართული საზოგადოება. მაშასადამე, ვთხოვ ჩვენს კოლეგებს, განსაკუთრებით, კოლეგებს EPP-დან (ევროპის სახალხო პარტიიდან), განცხადებებში იყვნენ კრიტიკულები მაგრამ იმავდროულად ობიექტურები. ეს ქართული დემოკრატიისთვის, უდავოდ, დიდი კონტრიბუცია იქნება“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს