სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეების განცხადებაზე - ეს ალბათ არის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმა არასამთავრობოების მხრიდან

ეს ალბათ არის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმა არასამთავრობოების მხრიდან, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა „რადიო პალიტრას“ ეთერში „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გუშინ გავრცელებული განცხადება უმაღლესი საბჭოს უკან დახევა არაა, თუმცა სერგო მეთოფიშვილის თქმით, ის ამ განცხადებას არ დაეთანხმებოდა.

„ალბათ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმა არასამთავრობოების მხრიდან. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ იმათ, ვინც თავს ესხმის სასამართლოს დამოუკიდებლობას, ითხოვენ იუსტიციის საბჭოს მიერ კანონისა და კონსტიტუციის სრული დაცვით, პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უკან გამოთხოვას. რა არის ეს თუ არა თავდასხმა? ითხოვენ, რომ სასამართლოში წმენდა განხორციელდეს და მოსამართლეები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს იყენებდნენ. ითხოვენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიღებულ კანონებს. ითხოვენ, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით დაკომპლექტებული კონსტიტუციური ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაიშალოს. რა მოწოდებებია ეს მითხარით“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მოსამართლეები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო