ვახტანგ შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვახტანგ შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია. როგორც შაქარიშვილი აცხადებს, სასტუმროს მშენებელმა უნდა მიიღოს უდიდესი საზოგადოებრივი ზეწოლა და შეწყვიტოს თბილისელებთან გონორით ლაპარაკი.

„ჩვენი ქალაქის მძიმე მემკვიდრეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წლების განმავლობაში უპრინციპო და უსტრატეგიო მართვა, კომპეტენციის ნაკლებობა, კორუფცია, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი მმართველობა, ამ ქალაქის მიმართ სიყვარულის ნაკლებობა და ამ ყველაფრით პარაზიტივით მოსარგებლე არაკეთილსინდისიერი ბიზნესი!

დიახ, ამ მრავალმხრივ პასუხისმგებლობაში ძალიან მსუყეა ასეთი ბიზნესმენების წილი! სწორედ ისინი სარგებლობდნენ სხვადასხვა დროს შექმნილი ვითარებით და პერმანენტულად ძალადობდნენ თბილისზე, თითქოს ის მხოლოდ მათი საკუთრება იყო და ისე შეეძლოთ მოპყრობოდნენ, როგორც მათ სურდათ! არაკეთილსინდისიერი ბიზნესის ნაყოფია ასობით მიტოვებული მშენებლობა, ათასობით უსახლკაროდ დატოვებული ადამიანი, ჩაუბარებელი კორპუსები და ზოგადად თბილისის ურბანული კატასტროფა!

ჩემმა საქმიანობამ, მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში სამწუხაროდ უამრავ ასეთ შემთხვევას შემახვედრა. ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს, ვინც საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულით, ხშირ შემთხვევაში ბანკის ვალების ხარჯზე დაიწყო საკუთარი კერის მშენებლობა და კომპანიებმა თუ კონკრეტულმა პირებმა, ვისაც ისინი მიენდნენ, მოატყუეს, საკუთარი გაუმაძღარობის და უპასუხისმგებლობის გამო ჰაერში გამოკიდეს. ასეთი ადამიანები იძულებულნი არიან გვერდზე გადადონ უსაფრთხოება, კომფორტი თუ სხვა სიკეთეები და იმის გამო, რომ უბრალოდ ჭერი ქონდეთ თავზე, შედიან დაუმთავრებელ და ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსებში. ასეთი უამრავი ოჯახია ჩვენს ირგვლივ და ახალს არაფერს ვამბობ, ეს ხალხი ჩვენგან დახმარებას ითხოვს და ხშირად არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები მათ დასახმარებლად, ხშირად ძალიან მძიმეა სიტუაცია და მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ერთ დღესაც ტელევიზიით შეიტყობენ, გოგა ზაქაიძე იგივე “ჩეტო” ვაკის ვარკში სასტუმროს აშენებას აპირებს! ეს ადამიანი მოწინავეა იმ ბიზნესმენთა რიგებში, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლო კონტაქტების მეშვეობით ქალაქისთვის რამდენიმე უმძიმესი პროექტი წამოიწყო და უამრავი ადამიანი მოტყუებული დატოვა. დღემდე არ არი ექსპლუატაციაში მიღებული მისი აშენებული კორპუსები, დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ და ეს ადამიანი გონორით ელაპარაკება თბილისელებს და თბილისის მერიას!

რა ახალი მშენებლობა, და რა კომპენსაცია?! ის ვალდებულია აქეთ იხადოს მუდმივი კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რაც ამ ქალაქს მიაყენეს მან და მისნაირმა ბიზნესმენებმა! მერიის ახალი ადმინისტრაცია ერთხელ უკვე გახდა მიღებული მემკვიდრეობის მსხვერპლი მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პროექტზე, მაგრამ მაქსიმუმი შევძელით და მნიშვნელოვნად ( 9-დან 4 სართულით) შევუმცირეთ პარამეტრები! რაც შეეხება უშუალოდ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხს, ყველას კარგად გვესმის, რომ უზანაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ მძიმე რეალობა დააყენა ჩვენს წინაშე, მაგრამ ძალიან მკაფიოა ჩვენი წითელი ხაზები! ამის დაშვება არ შეიძლება! მან უნდა მიიღოს უდიდესი საზოგადოებრივი ზეწოლა და შეწყვიტოს თბილისელებთან გონორით ლაპარაკი!

ჩვენ არ ვებრძვით ბიზნესს, ამ დარგში არიან კეთილსინდისიერი და ხარისხიანი კომპანიები, სამშენებლო დარგის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ სამართლიანი თამაშის წესები, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ქალაქის, ისე მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესების დაბალანსება“, - აცხადებს შაქარიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს