ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის ოფისთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრას მოითხოვს

იმისთვის, რომ უბრალოდ ვიარსებოთ და დავფაროთ ჩვენი ოფისის ქირა, მაქსიმალურ ეკონომიას ვაკეთებთ. ძალიან ბევრ ჩვენს სამომავლო პროექტს და აქტივობას აკლდება ის თანხა, რა თანხის გადახდაც გვიწევს იმისთვის, რომ უბრალოდ შენობა გვქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი ოფისისთვის თანხას მისივე ბიუჯეტიდან იხდის და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს ფართი. ლომჯარიას თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში დაბრუნდება, მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს, რომ მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთოს და მოგვარდეს სახალხო დამცველის ოფისის პრობლემა.

„ის, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იხდიდეს ქირას და სახალხო დამცველის ოფისი არ უნდა იყოს ღი ცის ქვეშ, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველს არც ერთი თეთრის გადახდა არ უნდა უწევდეს იმისთვის, რომ უბრალოდ ჰქონდეს ოფისი, რათა არსებობა შეძლოს. ჩვენ ამ საკითხზე არაერთგზის გვისაუბრია. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან, თუმცა, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მუშაობამ შედეგი არ გამოიღო. დღეის მდგომარეობით, სახალხო დამცველის თბილისის ოფისში 150-მდე ადამიანი მუშაობს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ნორმალური სივრცე არსებობისთვის. როდესაც ჩვენ ზაფხულში ღია ცის ქვეშ დავრჩით, შევარჩიეთ ეკონომიურად ყველაზე ხელმისაწვდომი შენობა, რომელიც ჩვენს საქმიანობას შეეფერებოდა. ჩვენთვის გამოსავალი იყო ის, რომ შენობა უბრალოდ სახიფათო არ ყოფილიყო და ადაპტირებული ყოფილიყო შშმ პირებისთვის. რამდენიმე არჩევანიდან ყველაზე ეკონომიური შევარჩიეთ და ჩვენ ამ ხარჯს სახალხო დამცველის ბიუჯეტიდან ვიხდით“ , - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველი აპირებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს ფართი. ამ ეტაპზე, საუბარია მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, თუმცა მიმაჩნია, რომ მშენებლობა დიდ დროს წაიღებს და პარალელურ რეჟიმში ჩვენ ქირით ვერ გავწდებით, ამისთვის ბიუჯეტი არ გვეყოფა. ამიტომ, მე ვაპირებ მივმართო, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს, რომ სხდომა მოიწვიოს, მოიწვიოს მთავრობის წარმომადგენლები და განიხილონ, რას აკეთებს მთავრობა ჩვენი პრობლემის დროულად გადასაჭრელად“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა