ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - პარლამენტში დავაყენებ საკითხს, რომ ბიზნესს ჰქონდეს კონკურენტუნარიანი გარემო

კონსოლიდირებულ ტენდერში მივიღეთ დისკვალიფიკაცია და როდესაც მას არ დავეთანხმეთ აღმოჩნდა, რომ კონსოლიდირებულ შესყიდვას დავების საბჭო არ აქვს, მეწარმეს მისი გასაჩივრება არ შეუძლია,- ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მეწარმე ნინო ზამბახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოში საჩივრის შეტანაც აზრს კარგავს.

„ჩვენი გულისწყრომა გამოიწვია იმან, რომ კონსოლიდირებულ ტენდერში ვიღებდით მონაწილეობას, მივიღეთ დისკვალიფიკაცია, რასაც არ ვეთანხმები, თუმცა ყველა ბიზნესს სჩვევია წაგება და მოგება. აქ არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ჩვენ პრინციპულად არ დავეთანხმეთ დისკვალიფიკაციას, გადავწყვიტეთ, რომ გაგვესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება , თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ კონსოლიდირებულ შესყიდვას არ აქვს დავების საბჭო, ანუ შენ, როგორც მეწარმეს, რომელსაც გინდა გაასაჩივრო ამის საშუალება არ გაქვს. გვითხრეს, რომ უნდა მივმართოთ სასამართლოს, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ სასამართლო არ აჩერებს კონსოლიდირებულ შესყიდვას, ანუ, ჩვეულებრივად დაიწყება პროცესი, რომელიც სავარაუდოდ, 1 წელი გაგრძელდება. იმ შეთხვევაშიც თუნდაც შენს სასიკეთოდ მიიღოს მოსამართლემ გადაწყვეტილება, ჩანაწერი არსებობს კანონში "შესყიდვების შესახებ", რომელიც სააგენტოს აქვს გაკეთებული, რომ ის არ გინაზღაურებს არანაირ ზარალს, გინაზღაურებს მხოლოდ იმას, რაც ტენდერში მონაწილეობამდე გაწიე, ეს არის დაახლოებით, ათასი ლარი. ერთი მხრივ, როცა სახელმწიფო ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მეორე მხრივ, არსებობს უწყება, რომელსაც ეს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული აქვს და არ შეგიძლია გაასაჩივრო, როცა გგონია, რომ არასწორად მოგექცნენ. მესამე რგოლიც ამოვარდა დავების საბჭოსი და შესაბამისად, სასამართლოში მისვლაც აზრს კარგავს. ამიტომ, მგონია, რომ ეს გარემო ბიზნესისთვის მძიმე და რთულია",- განაცხადა ზამბახიძემ.

ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ ის პარლამენტში დააყენებს საკითხს.

„ალბათ, პარლამენტში დავაყენებ ამ საკითხს. ვფიქრობ, საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს ცვლილება, რომ ბიზნესს ჰქონდეს კონკურენტუნარიანი გარემო, მინიმუმ იმის, რომ თავისი უკმაყოფილება, მესამე მხარესთან გაასაჩივროს",- განაცხადა ზამბახიძემ.

ზამბახიძის თქმით, მისი ბიზნესი არ გაკოტრებულა.

"ბიზნესი არ გაკოტრებულა, უბრალოდ ის მომგებიანი არ არის. შესაბამისად, ბიზნესისგან გათავისუფლება არ ნიშნავს ჩემი სამოქალაქო აქტივობიდან ჩამოშორებას, პირიქით, მე უფრო გავაძლიერებ ფერმერთა ასოციაციას",- განაცხადა ზამბახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ "ფეისბუქის"გვერდზე დაწერა, რომ ფერმერულ მეურნეობას ყიდის.

„8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი. ბევრი გამოწვევა იყო...

მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი. დაიწყო ახალი ერა - სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ, ძროხები ბრუცელოზით დაავადდა. რატომ? - ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ახლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ!“ - წერს ნინო ზამბახიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო