სალომე ზურაბიშვილი - შავი ზღვა კვლავ უნდა გახდეს თანამშრომლობის ზღვა

ევროკავშირის ინსტიტუტებს მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ, დონალდ ტუსკისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ცენტრალური პერსპექტივაა. მისივე განცხადებით, შავი ზღვა კვლავ უნდა გახდეს თანამშრომლობის ზღვა, რომელიც დააკავშირებს ევროკავშირსა და ჩვენს კავკასიის რეგიონს, რაც სტაბილურობის დანამატი იქნება.

„ევროკავშირის ინსტიტუტებს მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერისთვის. ეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც უკვე კონსტიტუციაშია ჩაწერილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი არჩევა ასევე ცხადყოფს ევროპის მხარდაჭერას. ევროინტეგრაცია საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ცენტრალური პერსპექტივაა. ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ევროკავშირი სერიოზული საკითხების წინაშე დგას და ზოგიერთ კითხვებზე პასუხს დღესვე ვერ მივიღებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შევანელებთ ჩვენს თანამშრომლობას. ბათუმის კონფერენციაზე ვისაუბრებთ იმაზე, რასაც მივაღწიეთ და ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. უნდა განვამტკიცოთ ჩვენი მიღწევები. შავი ზღვა კვლავ უნდა გავხადოთ თანამშრომლობის ზღვად, რომელიც დააკავშირებს ევროკავშირსა და ჩვენს კავკასიის რეგიონს, რაც სტაბილურობის დანამატი იქნება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოკუპაციის ხაზთან სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი უმნიშვნელოვანესია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხშირი სტუმარი ვიქნები ბრიუსელში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულის" ზამთრის შეთავაზება