გენო პეტრიაშვილი - ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, ეს ყველაფერი მათ ყურამდე რომ მივიდა

ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, ეს ყველაფერი მათ ყურამდე რომ მივიდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა განუცხადა. პეტრიაშვილი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე მოჭიდავეების აქციაში მონაწილეობდა, სადაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

"სირცხვილია ეს ყველაფერი, ჩვენი ოჯახის ხელმძღვანელია ამ მდგომარეობაში. გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი პრეზიდენტი ჩვენს გვერდზე, დავსხდეთ ორივე მხარე და დავილაპარაკოთ. აქ არიან ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები და გაოგნებული ვართ იმით, რაც მოხდა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები 23 იანვარს, 14:00 საათზე ჭიდაობის ფედერაციასთან შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმებზე განცხადებას გააკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო