ჟან-კლოდ იუნკერი - საჭირო იქნება, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომი დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

სალომე ზურაბიშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და ბათუმში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოიპატიჟა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვიზიტი, რომელიც დაიწყო ბრიუსელით, არ არის უბრალოდ პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, ეს არის მკაფიო და სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს იმ აშკარა პრიორიტეტს, რომელიც უკვე აისახა საქართველოს ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტის არჩევისთანავე.

„ამ პრიორიტეტში იგულისხმება ინტეგრაცია ევროპასთან, რომელსაც საქართველო ეკუთვნის თავისი კულტურით, თავისი სულით და თავისი იდენტობით. საქართველო აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმის, რაც კომისიამ გააკეთა ბოლო თვეების განმავლობაში. კერძოდ, ნოემბრის თვეში აქ გამართული შეკრება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მან მისცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის თითქმის მთელ შემადგენლობას, კომისიასთან ერთად, განეხილა ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები და ის, თუ რა არის გასაკეთებელი.

ჩვენ ვიმსჯელეთ, ასევე, მიმდინარე წლის ივლისში, ბატონი თავმჯდომარის ჩამოსვლის შესაძლებლობაზე ბათუმში პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

ეს კონფერენცია უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთვის, ეს არის პარტნიორობის შეთანხმების მეათე წლისთავი და კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენს ურთიერთობებს და მიღწეულ პროგრესს, რომელიც ძალიან არსებითია.

ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს, ახალ მიდგომებსა და დინამიკას ამ ურთიერთობაში, რომელიც უკვე ასოცირების შეთანხმების ხუთ წელს ითვლის.

ეს იქნება ასევე კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორი იქნება ეს ურთიერთობა, რომელიც უკვე ძალიან ნაყოფიერია, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირი გადადგამს პირველ ნაბიჯებს ახალი ინსტიტუტების შექმნის გზაზე.

ბატონო თავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს ჩემი ქვეყნისა და მისი ევროპული პერსპექტივების მიმართ გამოხატული უწყვეტი მხარდაჭერისათვის'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.

„უაღრესად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად. მინდა სიამოვნებთ აღვნიშნო, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ ბრიუსელში შედგა. ეს ნიშანდობლივია და გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს არის ჟესტი, რომელსაც ჩვენ ორივე ხელით მივესალმებით, მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას, რადგან უკვე გარკევეული პერიოდია, კარგად ვხედავთ, რომ საქართველო წინ მიიწევს სწრაფად და დაჩქარებული ტემპებით. მე მქონდა შესაძლებლობა, მეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს იყო ვიზიტით ჩვენთან, რომ საქართველოს მთავრობა, ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მთავრობაა, რომელთანაც ევროკომისიას ჰქონდა და მომავალშიც ექნება ერთობლივი შეკრება.

ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, ვინაიდან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი ტემპებით იზრდება და ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე, ამ ორ ერთობას შორის დაახლოების გზაზე.

2017 წელს ჩვენ შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში. დღეისთვის უკვე 300 000–მა ქართველმა იმოგზაურა.

ჩვენ გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა „ერაზმუს +“. საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს ამ პროგრამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 2 000 სტუდენტთან ერთად.

ამას გარდა, მე და ქალბატონმა პრეზიდენტმა განვიხილეთ რამდენიმე თემა, რომელიც ქვეყნის შიდა საკითხებს ეხება. კერძოდ, სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ სახეზეა რეალური პროგრესი.

მე დავუსვი კითხვები ქალბატონ პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭირო იქნება, რომ ჩვენ ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა პრესკონფერენციაზე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა