ეკა გიგაური - საჭიროა სისტემის ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისგან გაწმენდა - მოსამართლეობის შერჩევის კრიტერიუმებს უახლოეს დღეებში წარვადგენთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორი უახლოეს დღეებში საკუთარ მოსაზრებებს წარადგენს.

როგორც გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, მიმდინარე კვირის ბოლოს, 27 იანვარს არის დანიშნული. მისივე თქმით, აღნიშნულ ჯგუფში „მთელი კლანია“ წარმოდგენილი, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებიდან და ასევე ის დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, ვინც ლობირებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიას.

„ჩვენ სხვა არასამთავრობოებთან ერთად, რა თქმა უნდა, წარვადგენთ მოსაზრებებს კრიტერიუმებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სამუშაო ჯგუფში მთელი „კლანია“ წარმოდგენილი და ის დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, ვინც სავარაუდოდ, ლობირებდა ჩინჩალაძის სიას. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მათიკაშვილის მეუღლე გამოსაცდელი ვადითაა დანიშნული სასამართლოში და ჩინჩალაძის „კლანის“ ხელშია მისი უვადოდ დანიშვნა. „კლანის“ წევრებიც ჯგუფში წარმოდგენილი დეპუტატების ზოგი ჯგუფელი და ზოგიც ახლო მეგობარია. ამის გამო ძნელად წარმომიდგენია, რომ ამ ხალხმა მოინდომოს ძირეული ცვლილებების განხორციელება. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე“, - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაა, რომ რეალური ცვლილებებისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება.

„ჩვენი პოზიციაა, რომ თუ რეალურად გვინდა ცვლილებები სასამართლოს სისტემაში, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და სისტემის იმ მოსამართლეებისგან გაწმენდა, რომლებიც ე.წ. ჩინჩალაძე/მურუსიძის კლანს წარმოადგენენ. აქამდე მხოლოდ პროცედურებზე და კანონში ცვლილებებზე ვლაპარაკობდით და შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ მოსამართლეებმა „ქართული ოცნების“ დახმარებით ისეთი კანონი მიაღებინეს პარლამენტს, რომ გაძლიერდნენ. მათ ფაქტიურად მოირგეს ეს კანონები და დღეს არხეინად გრძნობენ თავს და გვმოძღვრავენ იმ კანონებზე მითითებით, რომლებიც სათავისოდ მოირგეს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნება:

1. პირველ რიგში საზოგადოების ზეწოლით ამ „კლანის“ წევრების წასვლა სასამართლოს სიტემიდან.

2. ისეთი სამუშაო პლატფორმის შექმნა, რომელიც რეალურად მოინდომებს სასამართლოს ძირეულ რეფორმას“, - აღნიშნავს გიგაური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა