გიგი უგულავა - საქართველოს 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და სკოლამდე კილომეტრების გავლა ფეხით უწევს

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია. როგორც უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, ამის მიზეზი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის "გაუაზრებელი გადაწყვეტილება გახდა", რომლის მიხედვითაც, რაიონებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 28 დეკემბერს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესახებ არ შედგა. ფაქტი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან. მიუხედავად იმისა, რომ 14 იანვარს სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ყველასთვის ცხადი იყო, წარმოუდგენელია აღნიშნული ტენდერი ჩატარებულიყო 28 დეკემბერს. 10 იანვარს ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, რაიონის მერებმა 21 იანვარს - სასწავლო პროცესის განახლების დღეს დაიწყეს გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, რაც ასევე მიანიშნებს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოსწავლეთათვის პრობლემა რაიონების უმრავლესობაში კვლავ მოუგვარებელი დარჩება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ქაოსის წინაპირობა მხოლოდ პრემიერის დადგენილებაა, რომელიც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებით 29 აგვისტოს გამოიცა. ამ დრომდე საგარეჯოს რაიონის ლამბალოს სკოლაში, ტრანსპორტის არარსებობის გამო, მოსწავლეები 10 კილომეტრით დაშორებული სოფელი კაზლარიდან ფეხით მივიდნენ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველო" მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ევალებოდათ პრობლემის დროულად მოწესრიგება და გაუქმდეს პრემიერ ბახტაძის „მავნებლური და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება“. გიგი უგულავას განცხადებით, მთავრობამ უნდა იზრუნოს, რაიონებში მოამზადოს კადრები, რომლებიც ადგილზე უფრო ეფექტურად და ოპერატიულად შეძლებენ ამ ტიპის პრობლემების გადაწყვეტას.

"ეს არის მაგალითი იმისა, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს არაკომპეტენტურმა მთავრობამ, რომელმაც არ იცის და არ უნდა ისწავლოს არაფერი", - დასძინა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო