კახა კალაძე - პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს

ჩვენთვის თითოეული ცენტის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, თუმცა პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს, - ამის შესახებ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ინვესტორთან. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა. ის პირდაპირ გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრიხავთ, თუმცა ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ქალაქის და თბილისელების ინტერესები არის პირველ ადგილზე და ჩვენ არასდროს არ მოვექცევით ინვესტორს ისე, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული ცენტის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეკონომიკური განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამაზე საუბარს მე ახლა აღარ გავაგრძელებ, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ამ პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს. ჩვენ ვართ კატეგორიულები და ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში. ვიმეორებ- ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში მშენებლობა არ დავუშვათ“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო