მიმდინარე წლის აპრილში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს სირიელი პარლამენტარების ოფიციალური დელეგაცია ეწვევა.
ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ პეტრე გასიევმა განაცხადა.
„სირიის არაბულმა რესპუბლიკამ დიდი სიამოვნებით მიიღო ჩვენი მოწვევა და მიმდინარე წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეწვევიან. ეს სირიიდან ოფიციალური დელეგაციის პირველი ვიზიტი იქნება, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერება სამხრეთ ოსეთისა და სირიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“, - აღნიშნა გასიევმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 9 ოქტომბერს სირიის პარლამენტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. 2018 წლის 19 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა და მათთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობაც დაამყარა.