გიგი უგულავა - კახა კალაძეს ვურჩევდი, ჩემი ჩრდილიდან გამოვიდეს - ნუ მეტოლება

კახა კალაძეს ვურჩევდი, ჩემი ჩრდილიდან გამოვიდეს - ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რაიმეს კარგად გააკეთებს, მხოლოდ გამიხარდება - როგორც ის იქცევა, თბილისის მერისთვის შეუფერებელია, - ასე უპასუხა თბილისის მერს კახა კალაძეს ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ.

როგორც უგულავამ განმარტა, 2013 წლამდე “ბუდაპეშტის“ ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნოდა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია იყო. მისივე თქმით, ახალი გენგეგმის პირობებში, აღნიშნული ტერიტორია უკვე მოქცეულია რეკრეაციულ ზონაში და ის ვაკის პარკს ეკუთვნის. შესაბამისად, თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ ახალ რეალობაში მერიას აქვს უფლება აპელირება ახალ გენგეგმაზე გააკეთოს, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა აღარ გააგრძელოს და ინვესტორს გარკვეული ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს. ამ კონტექსტში უგულავა ფონდის ჩამოყალიბებისა და თანხების შეგროვების მიზანშეწონილობაზეც საუბრობს.

“დღეს რომ გადაწყვეტილებას ვიღებდე, დღეს ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. არა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად და კანონის შესაბამისად არ არის სწორი. სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოვლინდა კიდეც, რომ მერიის გადაწყვეტილბა სამართლებრივად სწორი იყო. აქ დგას საკითხი მიზანშეწონილობის შესახებ. დღევანდელი გადმოსახედიდან მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივად ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება იყო სწორი და ამის აღიარება უსამართლო სასამართლოსაც მოუწია. იმას, რასაც ერთი კვირის განმავლობაში თბილისის მერისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ, არის ჩვეულებრივი ფარისევლობა და ხალხის მოტყუება. კალაძე ხალხს ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ მას სხვა გზა არა აქვს. კალაძე გვეუბნება, რომ ის სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს, მაშინ როდესაც თუნდაც ატენის ქუჩასთან დაკავშირებით ამბობდა: რა ვქნა, არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მშენებლობაზე ნებართვა უნდა მივცე. საზოგადოებამ სრული სურათი უნდა იცოდეს. ეს ისტორია 2013 წელს არ დაწყებულა. ისტორია 90-იან წლებში იწყება. როცა 90-იან წლებში რესტორანი “ბუდაპეშტი“ დაიწვა, მაშინვე შევარდნაძის ახლო ნათესავმა მამუკა შევარდნაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, კარგად ცნობილმა რიჟამ - გიორგი კაპანაძემ შეისყიდეს. მთელი საგა, ზღაპრები და სისულელეები, რომ მე რაიმე ინტერესი მქონდა აქვე მთავრდება. ყველაფერი შეიძლება დამაბრალოთ, მაგრამ ვერ დამბრალდება რაიმე კავშირი რიჟასთან რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ოცნება აუსრულა და ჩემი დაკავების სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ნახევრად სიმართლეა იმის თქმა, რომ “ბუდაპეშტის“ პროექტში ზაქაიძეა, რადგან მის მიღმა კვლავ არის შევარდნაძე და კაპანაძე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან“. კალაძე და რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს