„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი - ჩვენ გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც  არ აინტერესებს და არც ესმის ბავშვზე ზრუნვის კომპონენტი

ჩვენ გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს და არც ესმის ბავშვზე ზრუნვის კომპონენტი, - ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ გუშინ სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია სახელმწიფოს ამ წუთას შეჩერებული აქვს.

„მომხდარი უბედურება ძალიან ნათლად აჩვენებს იმ პრობლემებს, რომელიც სისტემაში არის. ეს პრობლემები ჯანდაცვის მინისტრიდან იწყება. წლების მანძილზე ჩვენ გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც პირდაპირ ვიტყვი, მორიდებისა და პოლიტკორექტულობის დაცვის გარეშე - აბსოლუტურად არ აინტერესებს და არც ესმის ბავშვზე ზრუნვის ნაწილი. მე არ ვიცი, ჯანდაცვის რეფორმების შეფასება ჩემი პროფესია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხების სამინისტრო. მას ეხება სოციალური საკითხებიც, ბავშვზე ზრუნვის საკითხებიც, რომელიც არავის აინტერესებს. მივიღეთ ლოგიკური შედეგი - ირღვევა მთელი სისტემა, რაც კი არსებობდა მანამდე. დღეს არც სოციალური სამსახური გვყავს და რეალურად ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია სახელმწიფოს ამ წუთას შეჩერებული აქვს. ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. პირდაპირ წერენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ხშირ შემთხვევაში ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებს“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შსს-მ თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა