განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგება

განათლების რეფორმის ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 50 სკოლაში განახლდება კომპიუტერული კლასები და აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომელიც ეხებოდა სკოლებში და ზოგადად, განათლების სფეროში ბავშვების ინტერაქციას. წარმოვადგინეთ დეტალური გეგმა. სადაც საუბარია იმაზე, სკოლებში რა ინფრასტრუქტურული განახლება მოხდება ტექნოლოგიების მიმართულებით, ინტერნეტის დაფარვა და ა.შ. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია საინფორმაციო ტექნოლოგიების შეტანა, რომ ბავშვები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ჩაერთონ პროგრამირებისა და ტექნოლოგიების ნაწილში, მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიები და ინოვაციები”,- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესში ციფრულ ინსტრუმენტებს ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით გამოიყენებენ. ამასთან, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, განათლების რეფორმის ფარგლებში Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. ამასთან, სამინისტრომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად, 2019 წლიდან საპილოტე სკოლებში დაიწყო სასწავლო პროცესში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში აპრობირებული პროგრამების დანერგვა, რის შედეგადაც, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეები დაეუფლებიან კომპიუტერული მეცნიერების საწყისებს. რეფორმის ფარგლებში იგეგმება, განსაკუთრებულად გამახვილდეს ყურადღება ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, ასევე მშობლებში.

ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, იგეგმება არსებული ელექტრონული რესურსების, მათ შორის, ვებგვერდის el.ge-ის განვითარება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პორტალზე თავს მოიყრის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები: ელექტრონული წიგნები, ვიდეო და ფოტო მასალა, ნოტები და სხვადასხვა სახის გრაფიკული გამოსახულებები.

ამასთან, იგეგმება სასწავლო პროცესში “სთრიმინგ გაკვეთილების დაინერგვა,” როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი. უფრო კონკრეტულად, სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს: „საუბრები მომავალზე“, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების განვითარებაზე, სწავლის პროცესში კრეატიულობის ამაღლებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ჩამოთვლილი პროექტებიდან ზოგიერთი პირველი თებერვლიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო 2022 წლისთვის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ყველა პროექტი დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს