„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი - როდესაც არასრულწლოვანის საქმეზე ორდერი გამოიცემა, სოციალური დაცვის სააგენტო ავტომატურად უნდა იგებდეს და ოჯახში შედიოდეს

როდესაც ორდერი გამოიცემა არასრულწლოვანის საქმეზე სოციალური დაცვის სააგენტო, როგორც ბავშვზე ზრუნვის ორგანო, ამის შესახებ ავტომატურად უნდა იგებდეს და აღნიშნულ ოჯახში შედიოდეს, - ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ გუშინ სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვზე ზრუნვის სისტემა არის ჩამონგრეული და პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„ძალიან მძიმე ამბავია, მაგრამ ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბავშვზე ზრუნვის სისტემა არის ჩამონგრეული, ის პრაქტიკულად აღარ არსებობს. ბევრი წელია, ამ თემაზე ვმუშაობთ და ყოველდღიურად ის სტანდარტიც კი, რაც გვქონდა და მუდმივად კრიტიკის ქვეშ იყო, ხელიდან გვეცლება. ორდერის გამოცემა ნიშნავს იმას, რომ შსს-მ იცოდა, რომ ბავშვზე ძალადობდნენ. სამინისტრომ გამოსცა ორდერი, რომელიც არ არის გაუქმებული, ძალაშია. შესაბამისად, ძალადობა ბავშვზე სახეზეა. ჩემი პირველი შეკითხვა არის ასეთი - როდესაც ორდერი გამოიცემა არასრულწლოვანის საქმეზე, რატომ არ ხდება სოციალური დაცვის სააგენტოს, როგორც ბავშვზე ზრუნვის ორგანოს, ავტომატურად ინფორმირება? ისინი ავტომატურ რეჟიმში უნდა შედიოდნენ ოჯახში, სწავლობდნენ ამ ყველაფერს. ორდერის გამოცემა პარალელურად, სოცმუშაკთან ერთად უნდა ხდებოდეს. ჯერ არ ვიცით, იყო თუ არა ჩართული ამ ამბავში სოცმუშაკი. თუ ის ჩართული იყო და ოჯახში ეს რისკები ვერ შეაფასა, მაშინ ეს ძალიან ტრაგიკული ამბავია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სოცმუშაკი ბავშვის ოჯახიდან გაყვანას ითხოვს, თუმცა სამართალდამცველები მას არ ეხმარებიან. მთლიანობაში არ გვაინტერესებს, ვინ ვის რა მოსთხოვა და ვინ ვისთან არ ითანამშრომლა - ეს იმ ბავშვს აღარ აინტერესებს“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს-მ თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "ის სტანდარტიც კი, რაც გვქონდა ხელიდან გვეცლება, ორდერის გამოცემა ნიშნავს, რომ შსს-მ იცოდა" - ანა აბაშიძე ბავშვზე ძალადობაზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა