1-ელი იანვრიდან დღემდე ინსპექტირება 50 000-მდე ავტოსანტრანსპორტო საშუალებამ გაიარა

1-ელი იანვრიდან დღემდე ინსპექტირება გაიარა დაახლოებით 50 000-მა ავტოსანტრანსპორტო საშუალებამ, 46%-ია დახარვეზებული. თითქმის ყოველი მეორე ავტომობილი ხარვეზდება, - ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან ასევე ინსპექტირების ცენტრებში არსებულ რიგებზეც გაამახვილა ყურადღება.

„თუ დეკემბერში ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა საქართველოს მასშტაბით, დღეში 700-800 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო, ახლა ეს მონაცემი 4 000-ს შეადგენს. ეს გამოწვეულია პირველ რიგში, იმით, რომ 1-ელი იანვრიდან ყველასთვის ინსპექტირების ვალდებულება დაიწყო და 14 იანვრიდან „ჭკვიანი კამერები“ ჩაირთო, რომელიც ავტომატურ რეჟიმში აჯარიმებს ინსპექტირებაგაუვლელ სატრანსპორტო საშუალებებს. ფაქტობრივად ყველამ, იმის გამო, რომ არ დაჯარიმებულიყო, მიაკითხა ინსპექტირების ცენტრებს, რამაც გამოიწვია გარკვეული რიგები. თუ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ მოცდის პერიოდი 20-30 წუთი უნდა ყოფილიყო, დღეს არის ერთი საათი მოცდის რეჟიმი. ამან გამოიწვია ის, რომ რიგ ცენტრებში რეზერვაციის სისტემაც გაუქმდა, თუმცა, გუშინდელი დღიდან შეინიშნება კლება და ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ცენტრმა აღადგინა დაჯავშნის მექანიზმი“, - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.