კომუნიკაციების კომისია 2019 წელს მოზარდებისთვის მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა, ეს ინფორმაცია საზოგადოებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა გააცნო.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოზარდებში ისეთი უაღრესად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა: კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება;

მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი; ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა;

ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა;

ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში მონაწილეობის შესაძლებლობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება;

„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო პროექტზე „გამარჯობა რუბი“ - ეს არის ფინური წიგნის სერია, რომელიც მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას, კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას; ამ წიგნით სწავლება სექტემბრიდან განათლების რეფორმის ფარგლებში შერჩეული სკოლების დაწყებით კლასებში განხორციელდება“, - აღნიშნა კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა.

ბავშვებთან, მოზარდებთან ინტერნეტის საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიტანისა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების უნარების განვითარების მიზნით, შეიქმნება ქართულ ენაზე ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში; ჩატარდება საგანმანათლებლო მოკლევადიანი კურსი ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების შესასწავლად; ასევე - მედიაწიგნიერების კონკურსი და შეიქმნება ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მედიაწიგნიერების საკითხებს და სხვადსხვა სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე იქნება მორგებული.

„ჩვენი რეფორმის ფარგლებში, უზრუნველვყოფთ იმას, რომ ტექნოლოგიების და ინოვაციების ცოდნა დაწყებითი კლასებიდანვე მოხდეს, დღეს პროგრამირება ისეთივე სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია თანამედროვე სამყაროში, როგორც ნებისმიერი სხვა საგნის შესწავლა, ბავშები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში მედიაწიგიერების განვითარება. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად განვახორციელებთ პროექტებს. შემოდგომიდან სკოლებში უკვე შევიტანთ სახელმძღვანელოს- „გამარჯობა რუბი“, რომელიც ქართულ ენაზე იქნება ნათარგმნი, ასევე მოხდება პედაგოგების გადამზადება, რომლებიც უკვე მოსწავლეებს გადასცემენ ამ ცოდნას“,- განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად განესაზღვრა. კომუნიკაციების კომისიამ მედია წიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად შეიმუშავა. 2018 წლის ბოლოს კი, შექმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს