მაია ბითაძე გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს. „ფონდთან და გამოსყიდვებთან მიმართებით, არ მგონია, რჩევის და რეკომენდაციის გაწევა დედაქალაქის მერიისთვის საჭირო იყოს“, - ასე პასუხობს მაია ბითაძე გიგი უგულავას განცხადებას.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, თბილისში ბევრი ტერიტორია არა მხოლოდ გიგი უგულავას მერობის პერიოდში, სხვა დროსაც გასხვისდა, რაც არ უნდა გასხვისებულიყო, ახლა კი, მერიას ამ ტერიტორიების გამოსყიდვისთვის „ხარკის გაღება“ უწევს.

დედაქალაქის მერის მოადგილემ განმარტა, ტერიტორია, სადაც სასტუმრო „ბუდაპეშტი“ უნდა აშენდეს, ვაკის პარკს არ ეკუთვნის, თუმცა, იქ სასტუმროს აშენება მერიისთვის მაინც მიუღებელია.

„ბუდაპეშტის“ ტერიტორია ვაკის პარკში არ შედის, ეს არის ცალკე საკადასტრო. თუმცა, ვაკის პარკის შექმნის დროს, 90-იან წლებამდე ეს ტერიტორია ვაკის პარკის განუყოფელი ნაწილი იყო. რაც შეეხება ფონდთან და გამოსყიდვებთან მიმართებით, არ მგონია, რჩევის და რეკომენდაციის გაწევა დედაქალაქის მერიისთვის საჭირო იყოს. გამოწვევები, რომელიც მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობასთან და გამოსყიდვასთან დაკავშირებით გვაქვს, ფართომასშტაბურია და გამოწვეულია, სამწუხაროდ, არა მარტო გიგი უგულავას დროს, არამედ სხვა პერიოდებში, მაშინ, როდესაც მიწის რეფორმა, პრივატიზების პროცესი დაიწყო და საკუთრებები წარმოიშვა იქ, სადაც არ უნდა წარმოშობილიყო. შესაბამისად, პოპულისტური განცხადებები ფონდთან დაკავშირებით არის სპეკულაცია, გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერი მონაცვლეობა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის, ჩვენი თანხების ხარჯზე. სამწუხაროდ, გვიწევს ხარკის გადახდა ისეთი საჯარო ტერიტორიების გამოსყიდვის ან მონაცვლეობის ან სხვა ტიპის კონსენსუსის მიღწევის საფუძველზე, რომელიც თავის დროზე არ უნდა გაყიდულიყო. პრობლემა ამაში მდგომარეობს და ეს არ არის მხოლოდ ვაკის პარკთან მიმართებაში. ძალიან ბევრი საჯარო ტერიტორია გვაქვს დაკარგული, რაც ვიზუალურადაც ჩანს თბილისში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გზები, ტროტუარები, დიღმის ტყე-პარკი და მთელი წყნეთის აღმართი არის კერძო საკუთრება, რაც კერძო საკუთრება არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის შესჩერებლად მერიას ბერკეტები აქვს, თუმცა, მერის მოადგილე იმედოვნებს, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით გონივრულად გადაწყდება.

„როდესაც ვსაუბრობთ ბერკეტებზე, ეს არის ბერკეტები, რომელსაც სამართალი წარმოშობს და მხარეები - ინვესტორი და მუნიციპალიტეტი კარგად იცნობს. სამართალს ბევრი წახნაგი აქვს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პროცესი არის წაგებული, ვგულისხმობთ შინაარსობრივ ნაწილს, მაგრამ ფორმალურ ნაწილში სხვა სამართლებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რის გამოც ვაცხადებთ, რომ გვაქვს ბერკერები. კონსენსუსის მოლაპარაკების გზით გადავწყვიტოთ ეს საკითხი ისე, რომ არც კერძო მესაკუთრე დაზარალდეს და არც საჯარო ინტერესი. ბერკეტების სამართლებრივ მხარეს გვიჩვენებს დრო და იმედი გვაქვს, საკითხი მოლაპარაკებების გზით ძალიან გონივრულად გადაწყდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 2013 წლამდე “ბუდაპეშტის“ ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნოდა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია იყო. მისივე თქმით, ახალი გენგეგმის პირობებში, აღნიშნული ტერიტორია უკვე მოქცეულია რეკრეაციულ ზონაში და ის ვაკის პარკს ეკუთვნის. შესაბამისად, თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ ახალ რეალობაში მერიას აქვს უფლება აპელირება ახალ გენგეგმაზე გააკეთოს, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა აღარ გააგრძელოს და ინვესტორს გარკვეული ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს. ამ კონტექსტში უგულავა ფონდის ჩამოყალიბებისა და თანხების შეგროვების მიზანშეწონილობაზეც საუბრობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა