ვახტანგ ყოლბაია ავსტრიის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ვახტანგ ყოლბაიამ ავსტრიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ძირითად პრობლემებზე, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელების დახურვასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

ყურადღება გამახვილდა ნდობის აღდგენის კუთხით ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი კონტაქტების გააქტიურებაზე.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით, ასევე, ჯანდაცვის სფეროში.

თავის მხრივ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს