სახალხო დამცველი - სახელმწიფო ეფექტურად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას – დაიცვას ბავშვები ძალადობის და არასათანადო მოპყრობისგან

საქართველოს სახალხო დამცველი 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს განცხადებით ეხმიანება.

აღნიშნულ განცხადებაში საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, გამოვლენის და რეაგირების ხარვეზებზე საუბრობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გატარდეს ქმედითი ღონისძიებები ბავშვზე ზრუნვის და ძალადობისგან დაცვის არსებული სისტემის რეფორმირების მიმართულებით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას სოციალური სამსახურის ძლიერი მექანიზმი და ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს, რისი სავარაუდო მიზეზი მის მიმართ ძალადობა გახდა. ბავშვზე ძალადობა ქვეყნის პრობლემაა და არა ცალკეული ტრაგიკული შემთხვევა. ეს და სხვა არაერთი ფაქტი ნათლად აჩვენებს საქართველოში ბავშვზე ზრუნვის და ძალადობისგან დაცვის სისტემის გაუმართაობას. სახელმწიფო ეფექტურად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას – დაიცვას ბავშვები ძალადობის და არასათანადო მოპყრობისგან. სახალხო დამცველი თავის არაერთ ანგარიშსა და რეკომენდაციაში საუბრობს ბავშვის დაცვის სისტემის ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგისა და ინდივიდუალური საქმეების შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ხშირად დაგვიანებულია და უშედეგო. პრობლემურია შემთხვევების დროული გამოვლენა და დაცვის ღონისძიებების გადაუდებელი განხორციელება. დღემდე კრიტიკულად მცირეა სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობა; შესაბამისად, არასაკმარისია მათი ჩართულობა, კვალიფიციური მხარდაჭერა და ეფექტიანი დაცვის ღონისძიებები, მათ შორის თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის.

პასუხისმგებელი პირების მხრიდან, კვლავ სუსტია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ცოდნა და აღნიშნულის საფუძველზე საკუთარი მოვალეობების გაცნობიერება.

ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების იდენტიფიცირებისას დროულად და ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს რეფერირება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ხელი შეეწყოს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენებას. ასევე აუცილებელია სისტემატური და ეფექტური მონიტორინგი. თავის მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვები დროულად უნდა გადაიყვანოს უსაფრთხო გარემოში და უნდა უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება.

ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ აღზრდის მცდარ სტერეოტიპებზე, რაც ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა რეაგირება მოახდინონ და მიმართონ შესაბამის უწყებებს ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ქუჩაში, სანათესაოსა თუ სამეზობლოში.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ბავშვი, მძიმე სოციალური მდგომარეობისა და სავარაუდო უგულებელყოფის გამო „ჯართის“ შეგროვებისას დაიღუპა. მსგავსი შემთხვევები ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს და არ შეიძლება შეფასდეს უბედურ შემთხვევად, რადგან ამ ტრაგედიას აქვს მიზეზი და მას ბავშვთა სიღარიბე ჰქვია. სახელმწიფო პროგრამები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ოჯახის დაცვას სიღარიბისგან და კვლავ პრობლემად რჩება არასრულწლოვნების ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი.

განსაკუთრებით პრობლემურია სოციალური პროგრამების დროში ეფექტიანობა და პრევენციული ხასიათი. ამის ერთ-ერთი მაგალითია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა“. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის მიზანია ოჯახის გადაუდებელი საჭიროებების დროული დაკმაყოფილება, პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხშირად თვეებისა და, რიგ შემთხვევებში, წლების განმავლობაში ჭიანურდება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გატარდეს ქმედითი ღონისძიებები ბავშვზე ზრუნვის და ძალადობისგან დაცვის არსებული სისტემის რეფორმირების მიმართულებით. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას სოციალური სამსახურის ძლიერი მექანიზმი და ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა.

ამასთან, მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა მხრიდან გატარებული ღონისძიებები და გაანალიზდეს, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბავშვის დაცვა ძალადობისგან. სახალხო დამცველის აპარატი თავის მხრივ შეისწავლის მომხდარ შემთხვევაში სახელწიფოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს და შეაფასებს მათ ეფექტიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.