თამარ ჩუგოშვილი - ნამდვილად არ გვჭირდება ტყუილი ჭკუის სწავლება ადამიანებისგან, რომლებიც საკითხში საერთოდ ვერ ერკვევიან

„პირადად ვმონაწილეობდი კენჭისყრაში გადაწყვეტილების მიღების დროს და მას მხარი დავუჭირე, ასევე, რეზოლუციას სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ეტაპზე, მხარი დაუჭირა მთლიანად, დელეგაციამ“,- ასე უპასუხა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ასამბლეის სხდომაზე „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, რეზოლუცია ასამბლეამ გუშინ მიიღო და მასში შევიდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ, ერთობლივად არის ინიცირებული.

„საკითხის აღმოჩენა „მაგნიტსკის სიაში“ და რეზოლუციაში იყო ჩვენი თანაინიციატივა, ეს იყო ორპარტიული პოზიცია. ამ საკითხის განხილვის დროს, მე პირადად ვმონაწილეობდი გადაწყვეტილების მიღების დროს და კენჭისყრაში. ამ საკითხს მხარი დავუჭირე და მთლიანად, დელეგაციამ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ეტაპზე დაუჭირა მხარი რეზოლუციას. ეკა ბესელიამ საკითხს მხარი დაუჭირა იურიდიულ კომიტეტზე, მე დავუჭირე მხარი საპარლამენტო ასამბლეაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და აღნიშნა, რომ უფრო მეტიც, დელეგაციის წევრებმა, საკუთარი ადგილი დაუთმეს გიორგი კანდელაკს, რათა მას სიტყვით გამოსვლის უფლება ჰქონოდა.

„ჩვენი დელეგაციის წევრებმა, საპარლამენტო გამოსვლის დროს, თავისი ადგილიც კი დაუთმეს ბატონ გიორგი კანდელაკს, რადგან მან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ითხოვა. ამ ყველაფრის მერე, სერგი კაპანაძე მოგვიწოდებს, პასუხი გავცეთ საზოგადოებას, რატომ არ ვუჭერთ მხარს საკითხს, რომელიც არის ჩვენივე ინიცირებული. ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტი. ეს ყველაფერი არანაირი პოლიტიკური თამაშის წესებსა და კულტურაში არ ჯდება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„მინდა ვთხოვო სერგი კაპანაძეს, კარგად გაერკვეს საკითხში, ვიდრე ბრიფინგს ჩაატარებს და ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ან მიზანმიმართულად უნდა მსმენელის შეცდომაში შეყვანა, ან უბრალოდ, ბევრი თავისუფალი დროის ქონის გამო, გადაწყვიტა, მოაცდინოს სხვა ადამიანებიც იმ თემებით, რომლებიც სიმართლეს და სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. ძალიან სამწუხაროა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტყუილი ჭკუის სწავლება ადამიანებისგან, რომლებიც საკითხში საერთოდ ვერ ერკვევიან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​