თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს იზეიმებს - 1999 წლის 27 აპრილს, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს რიგით 41 წევრი ქვეყანა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო არის შემდგარი ქვეყანა, ის არა მხოლოდ ძალიან შორს არის ოცი წლის წინანდელი მდგომარეობისაგან, არამედ არის ძლიერი და საინტერესო ქვეყანა, რომელმაც შეძლო და განახორციელა ბევრი წარმატებული რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები დადო დემოკრატიული განვითარების მიმართულებით და არის რეგიონში სამაგალითო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ვოიცეხ სავიცკიმ აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად არის ახალი ქვეყანა, რომლის წარმატებებს არამარტო ევროსაბჭო, არამედ ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტი აღიარებს. მისივე თქმით, საქართველო არის წინსვლისა და რეფორმების საუკეთესო მაგალითი რეგიონში და მას შეუძლია ჰქონდეს ევროსაბჭოს სრული მხარდაჭერის იმედი, მათ შორის, პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საქმეში.

პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ვოიცეხ სავიცკი საქართველოში სტუმრად მოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა