სიმონ ნოზაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე დეპუტატს დღეს უმრავლესობის დატოვება მოუწევს

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სიმონ ნოზაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ პარტიიდან დეპუტატებს გარიცხავენ. როგორც ნოზაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა, რამდენჯერაც გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იქნება, იმდენჯერ წევრების გარიცხვა ვერ მოხდება.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე დეპუტატს დღეს უმრავლესობის დატოვება მოუწევს. რადიკალური გადაწყვეტილებები არა მგონია მიღებულ იქნეს იმ თვალსაზრისით, რასაც ახლა თქვენ გულისხმობთ. მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული. ჩემს პოზიციას არ ვმალავ, ეს პოზიცია ისეთია, როგორც ჩემი ამომრჩევლის, ხაშურელი ამომრჩევლის. როდესაც საზოგადოებრივი აზრი ბევრ კითხვას ბადებს, მაშინ ყველამ საზოგადოებრივ აზრს უნდა გავუწიოთ ანგარიში.

გარდა ამისა, ეს ჩემი პირველი დასწრებაა უმრავლესობის დიდ შეკრებაზე. მე სხვა შეკრებებს არ დავსწრებივარ, ამიტომ ვფიქრობ, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება, რა უნდა გაკეთდეს 2019 წელს იმისთვის, რომ პარტია გაცილებით უფრო გამართული იყოს და უმრავლესობამ ამომრჩევლის მოლოდინი გაამართლოს“, - განაცხადა ნოზაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ გუნდურობის პრინციპის დარღვევისთვის პარტიიდან გარიცხავენ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს, სიმონ ნოზაძემ უპასუხა, რომ შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვას, ამის უფლება ყველას აქვს.

„ამიტომაც გააჩნია იმას, როგორი იქნება ეკა ბესელიას პოზიცია. მე არ ვარ ჩახედული ღრმად ამ საკითხში, ამიტომ მნიშვნელოვანია ეკა ბესელიას პოზიცია მოვისმინო. რამდენი აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ყველაფერზე გარიცხვა ვერ მოხდება. გუნდი იმიტომ არის გუნდი, რომ იქნება მსჯელობა და იქნება განსხვავებული აზრიც“, - განაცხადა ნოზაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა