ლევან კობერიძე - იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს 10-კაციან სიას, გადადგებიან

ძალიან დიდი იმედი მაქვს, მივალთ საერთო დასკვნამდე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს 10-კაციან სიას, თავის ნებით გადადგებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს.

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა, იგი იმედოვნებს, რომ უმრავლესობა ერთ აზრზე შეჯერებას და ჩამოყალიბებას შეძლებს.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ალბათ ვიმსჯელებთ საკმაოდ ბევრს, საკმაოდ შინაარსიანად და დიდი იმედი მაქვს, რომ მივალთ საერთო დასკვნამდე, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, ვინც ხმა მისცა 10-კაციან სიას, თავის ნებით გადადგებიან და დატოვებს თანამდებობას.

მგონი, პარტიის თავმჯდომარეს რისი თქმაც უნდოდა, თავის განცხადებაში მკაფიოდა თქვა და მე დღეს რას ველოდები, ეს უკვე გითხარით. იქნება შინაარსობრივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ადამიანები, რომლებიც 97 პროცენტს კეთილსინდისიერებაში უწერენ ლევან მურუსიძეს იმ გადაცემის მერე, რომელიც ეთერში გავიდა, ალბათ, ბოდიშს მოუხდიან საზოგადოებას და შეიძლება 100 ქულაც კი დაუწერონ კეთილსინდისიერებაში, ამას რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ. ვფიქრობ, შევძლებთ შევჯერდეთ და ჩვენი მოსაზრება ჩამოვაყალიბოთ უმრავლესობამ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ და უნდა გადადგნენ, რადგან ისინი ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას ქვეყანაში”, - განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. გასულ კვირას 10-ვე წევრმა პარლამენტს მიმართა, რომ მათი კანდიდატურები აღარ განიხილონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს