საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის ადვოკატი - ჯეკ შეფერდი თურქეთის გავლით,  ლეგალურად ჩამოვიდა - ამბობს, რომ ადამიანის სიკვდილთან კავშირი არ აქვს

ჯეკ შეფერდის განცხადებით, როცა უბედური შემთხვევა მოხდა და ნავი ამოტრიალდა, საჭესთან ის არ მჯდარა და ამის მოწმეც ჰყავს. მისივე თქმით, ადამიანის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ჯეკ შეფერდს ბრიტანეთის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და ის დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში. ადვოკატის განმარტებითვე, შეფერდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი, ის საქართველოში იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი გუშინ მოვიდა ჩვენს იურიდიულ ბიუროში. განაცხადა, რომ სურდა ამ პროცესში ჩართვა და ჩვენების მიცემა. მისი განმარტებით, მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და მას მკვლელს, დამნაშავეს უწოდებს. ის აცხადებს, რომ ეს არის უბედური შემთხვევა და საჭესთან ის არ მჯდარა როცა ნავი ამოტრიალდა და ამის მოწმეც ჰყავს. აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს იმ ადამიანის სიკვდილთან და დამნაშავე არ არის.

ის საქართველოს აფარებდა თავს, მარტში ჩამოვიდა, ლეგალურად, თურქეთის გავლით. საქართველოში ქირაობდა ბინას და მოგზაურობდა. მას კონსულტაციები ჰქონდა თავის ადვოკატთან, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ჰყავს და ელოდებოდა იქაური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან მათ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი გაასაჩივრეს. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო გაამართლებს.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტით მას ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ედება", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ჯეკ შეფერდი 48 საათის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იქნება მოთავსებული, სასამართლო კი, სავარაუდოდ, მისი ექსტრადიციის საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი - ჯეკ შეფერდი ამბობს, რომ ადამიანის სიკვდილთან კავშირი არ აქვს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს