საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმ „სადე-რიკოს“ შორის დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე, გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და “სადე ჯორჯიას“ დირექტორი ენტონი მოჟე.

„ამ სფეროში ევროპული მიდგომა პირველ რიგში გულისხმობს ისეთი ნაგავსაყრელების მოწყობას, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სტანდარტების. ის დისკომფორტი, რასაც მოსახლეობა განიცდის ნაგავსაყრელების სიახლოვეს, არ იარსებებს. ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 2023 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ, ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს, 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები. ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

„მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას.

პროექტი ხორციელდება ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონ ევროა.

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. 2013 წლიდან დღემდე კომპანიის მფლობელობაში არსებული 54 ნაგავსაყრელიდან კეთილმოეწყო და შესაბამისობაში მოვიდა 31, ხოლო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 23 ნაგავსაყრელი, ასევე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი 5 სადგური.

ნარჩენების მართვის ახალი სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტებს, კერძო კომპანიებსა და მოსახლეობას. მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა ნარჩენების შეგროვების, სეპარირებისა და რეციკლირების განვითარების ხელშეწყობა. 2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ ვალდებულება შემოიღონ ნარჩენების ეფექტური სეპარირების სისტემა, რომელიც 2025 წლისთვის სრულად უნდა დაინერგოს. ახალი სისტემის გამართულად მუშაობისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მოსახლეობის მიერ ნარჩენების სწორად სეპარირება და განთავსება, კომპანიები და კერძო სექტორი კი ვალდებულნი იქნებიან წარმოებული პროდუქციის შეგროვებისა და რეციკლირების გარემოსთვის უსაფრთხო გზები გამონახონ. სისტემა სახელწოდებით „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“ საქართველოში მომავალი 2 წლის განმავლობაში დაინერგება“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო