ილია ელოშვილი - არანაირი კითხვის ნიშანი ბაღებში პროდუქტის ვარგისიანობასთან დაკავშირებით არ დგას

არანაირი კითხვის ნიშანი ბაღებში პროდუქტის ვარგისიანობასთან დაკავშირებით არ დგას, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ბაგა-ბაღებში კვებითი მომსახურების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მერის მოადგილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში მონიტორინგს არაერთი კომპანია ახორციელებს, მათ შორის მონიტორინგში ჩართულია მერია. მისი თქმით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა უმნიშვნელო გადაცდომები, მიუხედავად ამისა, კონტრაქტორი კომპანია დაჯარიმდა 30 ათასი ლარით.

„ბაღებში კვლევის მონიტორინგს აწარმოებს რამდენიმე ინსტიტუტი, მათ შორის სურსათის უვნებლობის სააგენტო. ისინი 180-ვე ბაღს ამოწმებენ წლის განმავლობაში, პერიოდულად. ასევე ამოწმებენ ბაღის სამზარეულოს ჰიგიენურ ნორმებს, პროდუქციის შენახვის პირობებს, ატარებენ ასევე ლაბორატორიულ კვლევებს მიკრობიოლოგიურ ვარგისიანობაზე. ამ შემოწმების შედეგად, არანაირი გადაცდომა არ დაფიქსირებულა.

გარდა ამისა, ბაღების სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება ამოწმებს გეგმურად ყველა ბაღს. დაახლოებით 1100- მდე შემოწმება იყო ჩატარებული წლის განმავლობაში. ისინი ამოწმებენ პროდუქტის შენახვის პირობებს, მენიუს შესაბამისობას, ხარისხს, ვადებს, სამზარეულოს პერსონალის ჰიგიენას, ასევე ნარჩენების გატანის წესის დაცულობას. არანაირი დარღვევა ამ 1100 შემოწმებისას არ გამოვლენილა.

გარდა ამისა, მერია შიდა აუდიტის დახმარებით და მოულოდნელად წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ატარებს ყოვლისმომცველ კვლევას იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია.

ასეთი კვლევა ჩატარდა 6 დეკემბერს. კვლევა ჩატარდა: თევზის ფილეს ნიმუშებზე, ცხიმიანობაზე, ასევე ყველის, კარაქის, ხაჭოს, არაჟნის, მაწვნის, სასმელი რძის ნიმუშები ცხიმიანობაზე, რძის ფხვნილის და მცენარეული ცხიმის შემცველობაზე.

გამოვლინდა გადაცდომები. თევზის ფილეს ცხიმიანობაში ნაცვლად 7 პროცენტისა იყო 6-დან 6.8- მდე პროცენტიანობა.

ეს თავისთავად არანაირად არ არის ხიფათის შემცველი. გადაცდომა იმიტომ დაფიქსირდა, რომ ეს ბუნებრივი საკვებია და მკაცრად მოჭრილად ცხიმიანობით საკვების შენარჩუნება რთულია.

მიუხედავად მინიმალური გადაცდომებისა მაინც ჯარიმდება კომპანია.

მეორე გადაცდომა იყო ხაჭოზე და ნაცვლად 6,4 პროცენტისა, იყო 5.7 პროცენტი. ამაზეც დაჯარიმდა კომპანია. ასევე გადაცდომა იყო ტომატის ნიმუშებში, თუმცა უმნიშვნელო, 1- პროცენტიანი ცვლილება.

ასევე ყველის ნიმუშებში იყო აღმოჩენილი ნატურალური რძის ნაცვლად რძის ფხვნილი. ესეც თავისთავად საშიშ ფაქტორებს არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის.

კონტრაქტორ კომპანიას მიუხედავად მცირე გადაცდომებისა, დავაკისრეთ ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამგვარ მოულოდნელ შემოწმებებს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი შვილები კარგად და ჯანმრთელად იკვებებიან“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს ყველაზე სათუთი, მნიშვნელოვანი და ძვირფასი გრძნობებით ითამაშოს, რაც არის ბავშვების უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა