რადას დეპუტატი უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებზე - ეს პროვოკაციაა, რომელშიც საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები ჩაითრიეს

დაქტოლოსკოპიამ აჩვენა, რომ იარაღზე დაკავებული უკრაინელების ანაბეჭდები არ არის, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა.

„დაკავებულები ცალკე-ცალკე საკნებში იმყოფებიან. დაქტოლოსკოპიამ აჩვენა, რომ იარაღზე მათი ანაბეჭდები არ არის. არანაირი მტკიცებულებები არ არის. მთელი ეს ისტორია, რომ თითქოსდა მასობრივი მიტინგების მოწყობის მცდელობა იყო, არ დადასტურდა. მხოლოდ იარაღის შენახვაა საქმეში მოცემული. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ იარაღი ჩაუდეს. მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ჰოსპიტალიზირებული იყო, ნერვული აშლილობა ჰქონდა. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გაარკვევს ყველაფერს, თუ ვინ არის ამ პროვოკაციის ორგანიზატორი. ეს პროვოკაციაა, რომელშიც ჩაითრიეს საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები. ეს უნდა სწრაფად შეწყდეს. ვიმედოვნებთ, რომ სამართალი იზეიმებს. დაკავებულებმა შეწყვიტეს შიმშილობა, ჩვენ მათ ეს ვთხოვეთ, ვინაიდან ისედაც ცალკე საკნებში სხედან, რაც ძალიან რთულია“, - განაცხადა რადას დეპუტატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შვიდივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

იხილეთ ვიდეო: თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს