ეკა ბესელია - გარიცხვაზე, წასვლაზე და მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები - ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს

ბიძინა ივანიშვილი კარგად უძღვებოდა ამ არცთუ ისე იოლ სხდომას - გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შესაძლებლობა ჰქონდათ ეთქვა ყველაფერი, რისი თქმაც უნდოდა.

ბესელიამ დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი შეხვედრაზე არ დასმულა.

„გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები. მე ძალიან გთხოვთ, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს, რადგან აქამდე არ დადის ეს ყველაფერი და არ არის საუბრის ის ფორმა, რაც ერთმანეთს უნდა ვაკადროთ. განვლილ პროცესებზეც გვქონდა მსჯელობა. არის საკითხები, რასაც ერთანირად ვუყურებთ, არის საკითხები, რაზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ესეც ნორმალურია“, - განაცხადა ბესელიამ.