მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი "სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლებს  შეხვდნენ

„სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების: ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის და "სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, ის და ანა დოლიძე სასამართლოს საკითხების მიმართულებით „სამოქალაქო მოძრაობასთან“ აქტიურ კომუნიკაციას დაამყარებენ და საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ კიდეც.

„ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ აქტიური კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობაც გვექნება, თუ დავინახავთ, რომ სისტემაში კიდევ უფრო მეტი პრობლემებია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევა კვლავ არასწორი ფორმით განვითარდება“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, სამართლებრივი საკითხების კურატორის ლევან იოსელიანის განცხადებით, საზოგადოებაში რეპუტაციის არ მქონე ადამიანების უზენაეს სასამართლოში ნომინირება არის არასწორი.

„დღევანდელ შეხვედრაზე ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მოგვაწოდეს ინფორმაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების შესახებ. სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა დადგა დრო, როდესაც ჩვენ გვაქვს შანსი სასამართლოში ძირეული ცვლილებები მოხდეს, რადგან წლიდან წლამდე ვართ მომსწრე ერთი რამის - მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ მცირდება. ამ პრობლემას სისტემური მიდგომა სჭირდება. სწორედ ასეთი მიდგომის ჩვენეული ვერსია შევთავაზეთ ჩვენ შეხვედრაზე, მოვისმინეთ მათი ხედვები და კოორდინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას ამ თემებზე. მთავარი არის ის, რომ ხალხი ენდობოდეს სასამართლოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რეპუტაცია საზოგადოებაში, მათი სასამართლო სისტემაში და უზენაეს სასამართლოში ნომინირება არის არასწორი. უზენაეს სასამართლოში ყოფნის პრივილეგია მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ“, -განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს