ლევან გოგიჩაიშვილი - არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული პროცესი საზოგადოების და სახელმწიფოსთვის საუკეთესოდ დამთავრდეს

ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მოსაზრებებს ისმენდა და თავის აზრსაც აფიქსირებდა - არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი საზოგადოების და სახელმწიფოსთვის საუკეთესოდ დამთავრდეს,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა კითხვას, თუ რა პოზიცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც გუნდისთვის, ასევე მომავალი რეფორმისთვის, რომელიც უნდა განხორციელდეს.

„დღეს ყველა ადამიანმა გამოხატა პოზიცია. უმრავლესობის სხდომა ხვალაც ჩატარდება და არ გამოვრიცხავ, მერეც გაგრძელდეს. წარვადგინეთ ის ხედვები თუ როგორ წარმოგვიდგენია უზენაესი სასამართლო. ჩვენ ვთქვით, რომ ის სია იყო კატეგორიულად მიუღებელი და რატომ იყო მიუღებელი, ამაზე ბევრჯერ გვითქვამს. დავიწყებთ საუბარს კრიტერიუმებზე. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს როგორ უნდა განვითარდეს რეფორმა, რა კრიტერიუმები უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილს დღეს ძალიან რთული ფუნქცია ჰქონდა, მას უწევდა მედიატორის როლის შეთავსება. ის ისმენდა პოზიციებს და თავისასაც აფიქსირებდა. ჩვენი ამოცანა იყო, დაგვერწმუნებინა ჩვენი კოლეგები ჩვენი პოზიციის სისწორეში და გადმოგვეცა მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. ჩვენ არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი საზოგადოების და სახელმწიფოსთვის საუკეთესოდ დამთავრდეს“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.