ნუკრი ქანთარია - ბიძინა ივანიშვილი დღეს წავიდა არა ნგრევისკენ და მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ

ბიძინა ივანიშვილი დღეს წავიდა არა ნგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა, სადაც უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე იყო კამათი და აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, პოზიციები იყო ძალიან მკვეთრად და ჯანსაღად გამოხატული.

„პროცესი არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი. ჯანსაღი ეტაპი იწყება „ქართულ ოცნებაში“ და დღევანდელი დღე იყო ამის საუკეთესო მაგალითი. ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ავტორი თავად, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით და ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრი, ყველა იქნა აწონილი. ერთი რამ უდავოა, ჩვენ მივიღებთ ერთ პოზიციას. გუნდის დაშლის ან გარიცხვა-გამორიცხვის ნიშანწყალი დღეს აღარ იყო. იყო საქმიან რეჟიმში ჩატარებული შეხვედრა. ძალიან შინაარსიანი საუბარი ხვალაც გაგრძელდება და გამიჩნდა დიდი რწმენა, რომ შევჯერდებით და ისეთ მოსამართლეებს შევარჩევთ უზენაეს სასამართლოში, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების მაღალ ნდობას“, - განაცხადა ქანთარიამ.

მისივე განცხადებით, შეხვედრისას იყო კამათი, თუმცა, ვინმეს „თავების დაგორების“ მიზანი არ ყოფილა.

„იყო გარკვეული კამათი, მაგრამ ეს არ იყო ის, რომ დამნაშავე ხართ ამაში, იმაში. ზღვართან მიახლოებული კამათი არ ყოფილა. პოზიციები იყო ძალიან მკვეთრად და ჯანსაღად გამოხატული. არ იყო საბაბი იმის, რომ ნაპერწკალი დანთებულიყო და ამ ნაპერწკლიდან რამე გაბზარულიყო ან გატეხილიყო“, - განაცხადა ქანთარიამ და დასძინა, რომ „საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს საზოგადოებას უნდა“.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, როგორც ქანთარია ამბობს, გუნდში საკადრო ცვლილებები აუცილებელია, თუმცა, ამ საკითხზე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

„გადანაცვლება-გადმონაცვლება და სიახლე აუცილებელია. თუმცა ვერ გეტყვით, რომ საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს არის ჩემი მოსაზრება და ამას საზოგადოებაც ელოდება. ვფიქრობ, ეს გასაკეთებელია, მაგრამ არ არის ისე გასაკეთებელი, რომ რამე დავაზიანოთ. არავითარ სამთავრობო ცვლილებებზე ხვალ სასაუბრო თემა არ იქნება“, - განაცხადა ქანთარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო