საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატის) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოაწყეს შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან შრომის ბაზრის სტატისტიკის ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, პრეზენტაცია აღნიშნულ საკითხებზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მთავარმა სტატისტიკოსმა კირან უოლშმა გააკეთა.
შრომის ბაზრის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგია შრომის სტატისტიკოსთა მე-19 საერთაშორისო კონფერენციაზე „შრომითი საქმიანობის, დასაქმებისა და არასრულად გამოყენებელი სამუშაო ძალის სტატისტიკის შესახებ“ მიღებულ რეზოლუციას ეყრდნობა. ახალ რეზოლუციაში წარმოდგენილია დასაქმების და უმუშევრობის გამოთვლის ფუნდამენტური ცვლილებები, რომელთაგან ერთ-ერთ უმთავრეს ცვლილებას წარმოადგენს საკუთარი მოხმარებისთვის მომუშავე თვითდასაქმებულთა (პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სფეროში) სტატუსის მქონე პირთა გამორიცხვა დასაქმებულთა კატეგორიიდან.
საქსტატმა 2017 წლიდან ცვლილებები განახორციელა სამუშაო ძალის გამოკვლევაში საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული მაჩვენებლების წარმოებისა და არსებული მაჩვენებლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საწყის ეტაპზე შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევას გამოეყო სამუშაო ძალის მოდული და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, სრულმასშტაბიანი სამუშაო ძალის გამოკვლევა გაზრდილი შერჩევის ზომით და განახლებული კითხვარით და შერჩევის დიზაინით.
მიმდინარე წლიდან საქსტატი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით იწყებს შრომის სტატისტიკოსთა მე-19 კონფერენციაზე მიღებული სტანდარტების დანერგვის პროცესს. აღნიშნული გულისხმობს ცვლილებების შეტანას სამუშაო ძალის გამოკვლევის კითხვარებში, მათ სრულმასშტაბიან ტესტირებას და მიღებული შედეგების საფუძველზე სამუშაო ძალის გამოკვლევაში ახალი საერთაშორისო სტანდარტების და შესაბამისი ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებას.