ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელთა თანახმად, ასამბლეა რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა. „დაუყოვნებლივ შეწყდეს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვა. ამასთან დაკავშირებით, ასამბლეა კვლავ ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-ნათქვამია დოკუმენტში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილებები ერთხმად მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

„ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პროცესს - მიმდინარე ოკუპაციას და ხელოვნური ბარიერების აღმართვას ეხება. გასულ წელს, სოფელ ატოცში, ამასთან დაკავშირებით მოხდა სამწუხარო ფაქტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ამას გამოეხმაურა. ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები და სრულიად ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, როგორც ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფომ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციის მიღებით, ევროსაბჭომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ.

„ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ამ რეზოლუციით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და მთლიანად, ევროსაბჭო, კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს ოკუპაციის პრობლემის მიმართ, ასევე, კიდევ ერთხელ აფიქსირებს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მთავარია, რომ ყველა რეზოლუცია და დოკუმენტი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება და ჩვენს მიმართ არსებული ცალსახა პოლიტიკური მხარდაჭერა, მომავალში ქმედებებში გადაითარგმნოს“,- განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო