პროკურორი - კანონში მითითებულია, რომ ბინის მესაკუთრემაც კი, თუ მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, საკუთარი ბინა უნდა დატოვოს

შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც მითითებულია, რომ ბინის მესაკუთრემაც კი, თუ მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, თავისი საკუთარი ბინა უნდა დატოვოს და ეს განემარტა ბრალდებულს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის საქმის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განუცხადა.

პროკურორი გარდაცვლილი ბავშვის დედის, ლელა ქსოვრელის მიმართ ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, შეფასდება ყველა პირის შესაძლო ბრალეულობა, მათ შორის, სოციალური მუშაკის.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და დაკმაყოფილდა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობის მოთხოვნა. შესაბამისად, იმ საფრთხეების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. ორდერი არის გამოცემული მოძალადე ქალის მიმართ, რომელსაც აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება. ეს არის ორდერის პირობა. შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც მითითებულია, რომ ბინის მესაკუთრემაც კი, თუ მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, თავისი საკუთარი ბინა უნდა დატოვოს. ეს განემარტა ბრალდებულს. შემაკავებელი ორდერით ჩამოთვლილი იყო ის გარემოებები, რაც მას უნდა შეესრულებინა.

რაც შეეხება არასრულწლოვნის გაყვანას, ესეც მოხდა თავდაპირველად, როდესაც ძალადობის შესახებ შევიდა ინფორმაცია 6 იანვარს. 6 იანვრიდან 8 იანვრამდე ბავშვი გაყვანილი იყო საავადმყოფოში, შესაბამისად, ეს იყო მისი დაცვის ღონისძიება, რაც შესრულდა. ასევე, დაცვის ღონისძიება იყო ის აკრძალვა, რომელიც უნდა შეესრულებინა ბრალდებულს“, - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

კითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა ოჯახში სოციალური მუშაკები და რამდენად არის შესაძლებელი, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, პროკურორი პასუხობს: „ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა, ისინი იმყოფებოდნენ თუ არა ოჯახში. ყველა პირის შესაძლო ბრალეულობა შეფასდება“.

ლელა ქსოვრელის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით პროკურორი აცხადებს, რომ "ყველა ვერსია იქნება განხილული, შესაძლებელია დამძიმდეს ან არ დამძიმდეს". გარდა ამისა, ჟორჟოლაძის თქმით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ დედა მას სთხოვდა, არ მიეწოდებინა ინფორმაცია პოლიციისთვის.

სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო