სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თემაზე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესა და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი განიხილეს და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე იმსჯელეს, რომელზე დაყრდნობითაც თბილისის მერია მეპატრონეს აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის უფლებას არ მისცემს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მერმა შეხვედრის მონაწილეებს სასტუმროს მშენებლობის თემაზე დედაქალაქის მერიის პოზიცია პირადად გააცნო და აღნიშნა, რომ ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს.

კახა კალაძის განცხადებით, საკითხის კონსენსუსის გზით გადაჭრის მიზნით, მორიგ შეხვედრას სასტუმროს მეპატრონესთან ხვალ გამართავს. უახლოეს მომავალში კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც მერის მოადგილე მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, საკითხის გადასაჭრელად დედაქალაქის მერია ისეთი იურიდიული ბერკეტების გამოყენებას გეგმავს, რომელიც, პირველ რიგში, საჯარო ინტერესს დაიცავს, თუმცა არც კერძო მესაკუთრის ინტერესს დააზარალებს.

„არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რომლებიც ვაკის პარკის დაცვის პროგრამაში პირველივე დღიდან იყვნენ ჩართული. ჩვენ გვაქვს სამათლებრივი ბერკეტები, რომლის გამოყენებას ვგეგმავთ ისე, რომ არც კერძო მესაკუთრის ინტერესი დაზიანდეს და არც ქალაქის. შეხვედრაზე ის სამართლებრივი ხედვები გავცვალეთ, რაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის, იურისტებს ამ მიმართულებით აქვთ. მათ ის მოსაზრებები გაგვაცნეს, რომელიც პრაქტიკულად, სამართლებრივ ბერკეტებთან დაკავშირებით, ჩვენს ხედვებს დაემთხვა. ნებისმიერ შემთხვევაში ვთანხმდებით, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და კერძო მესაკუთრის ინტერესი უნდა იქნეს დაცული, თუმცა ამან საჯარო ინტერესი არ უნდა ხელყოს. საჯარო ინტერესი კი ამ შემთხვევაში, ბევრად ღირებული და უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფია, ვიდრე კერძო ინტერესია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მერიის პოზიცია დადებითად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს, რომ საკითხი ქალაქის საკეთილდღეოდ გადაწყდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო