საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) 2015 წელს დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

თეა წულუკიანმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე რობერტ ფრემრმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სასჯელების აღსრულების შესახებ“ შეთანხმებას.

ამ შეთანხმების საქართველოსთან გაფორმება ჰააგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ჰააგაში ვიზიტისას 2015 წელს ითხოვა. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება დაფუძნებულია ე. წ. ორმაგი თანხმობის სისტემაზე: პირველ ეტაპზე სახელმწიფო აცხადებს ზოგად თანხმობას, ჩაერთოს ჰააგის სასამართლოს მიერ პირთათვის მისჯილი სასჯელების აღსრულების სისტემაში შეთანხმების დადებით, მეორე ეტაპზე კი, სახელმწიფოს რჩება უფლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირის სასჯელის აღსრულების მიზნით საკუთარ ტერიტორიაზე მიღების მიზანშეწონილობის საკითხი თანხმობის ან უარის განცხადების გზით.

დღეისათვის ჰააგის სასამართლო იხილავს შესაძლო დანაშაულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანში, კოტ დივუარსა და ცენტრალურ აფრიკაში.

პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს არ აქვს სასჯელის აღსრულებისათვის ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება. ვითარების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს პენიტენციურ სისტემას უკვე შეეძლება, დახმარება გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სასჯელშეფარდებული პირები საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს.

შეთანხმება ჰააგის სასამართლოს მხრიდან საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პენიტენციური სისტემის აღიარების მკაფიო დადასტურებაა და წარმოაჩენს და აძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო მართლმსაჯულების ეფექტურად აღსრულებისას. ჰააგის სასამართლოს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული აქვს ისეთ ევროპულ სახელმწიფოებთან, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, ნორვეგია, სერბეთი, შვედეთი, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა