თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების შევსება იწყება

1-ელი თებერვლიდან თბილისის მერია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამაში მონაწილეთა განაცხადების მიღებას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, საკურორტო ვაუჩერები თბილისში რეგისტრირებულ სამიდან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გაიცემა.

„შშმ პირები, საქართველოში დასასვენებლად სასურველ კურორტს თავად აირჩევენ. საკურორტო ვაუჩერი ძალაში იქნება 2019 წლის პირველი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.

ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), განაცხადით უნდა მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს – დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა), ცნობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ და თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, თბილისის ტერიტორიაზე არსებულ დღის ცენტრში შშმ პირის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის მერიაში განაცხადების მიღება 15 აპრილს დასრულდება“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.