რეგიონებში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა

რეგიონებში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში გამართა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილემ ნათია ღვინაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან ერთად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მერებსა და საკრებულოების წევრებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველადი პროექტი გააცნო.

შეხვედრებს ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, მუნიციპალიტეტების წევრებმა, რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის მიზნით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების წევრებთან დისკუსიისას შემდეგი საკითხები გამოიკვეთა: მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდა, ფისკალური დეცენტრალიზაცია, დელეგირებული უფლებამოსილების ფინანსური უზრუნველყოფა, ქონების გადაცემის პროცედურების გამარტივება, ასევე ადგილებზე სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.

ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, საკონსულტაციო შეხვედრები, სწორედ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.

„შეხვედრებზე ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. ასოციაცია მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს“ – აღნიშნა დავით მელუამ.

სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, პროექტში, თითქმის ყველა ის საკითხია გათვალისწინებული, რომლებიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების წევრებმა წარმოადგინეს, თუმცა მუნიციპალიტეტებთან დისკუსიისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც შეჯერდება და საბოლოოდ აისახება დოკუმენტში.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დოკუმენტის აღნიშნულ ფორმატში განხილვა ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც მუნიციპალიტეტების ინტერესებზე იქნება მორგებული.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი პროექტის განხილვა, 16 იანვარს დაიწყო. შეხვედრები ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურში, მცხეთაში, რუსთავში, თელავში, გორში და ახალციხეში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა