მამუკა ბახტაძე - 2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო

2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიმართა შეხვედრები როგორც ბიზნეს, ასევე პოლიტიკურ ლიდერებთან და ძალიან სასიხარულოა, რომ ყველა ეკონომიკურ პანელზე აღინიშნა საქართველოს წარმატება.

„საქართველო მოჰყავთ ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაგალითად, რომელმაც განიცადა როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური ტრანსფორმაცია. ჩემთვის ძალიან საამაყოა ამის მოსმენა. ჩვენი ბევრი მეზობელი გვთხოვს, დავეხმაროთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში უკვე შედგა. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და გვქონდა ძალიან მნიშველოვანი მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში გეგმავენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას. ყველა სექტორში არსებობს დაინტერესება, დაწყებული სამომხმარებლო პროდუქციით, დამთავრებული ენერგეტიკით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები ძალიან მნიშვნელოვნად წინაპირობად აღიქვამენ იმ კანონმდებლობას, რომლის შემოღებას წლის მეორე ნახევრიდან ვაპირებთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განებივრებული არ ვართ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციებით და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მაღალტექნოლოგიური კომპანიებიდან მივიღოთ ინვესტიციები საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რაც კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში დაიწყოს ამ თვალსაზრისით ინოვაციების განვითარება და საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და დადებითი უკუკავშირი მივიღეთ ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით. საქართველო აუცილებლად გახდება ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას და შედეგად - სიღარიბის დაძლევას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე შეაჯამა ფორუმის ფარგლებში გამართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აღინიშნა ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნისგან და მინდა, მათ ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. 2018 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვქონდა ძალიან ხელშესახები პროგრესი როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ გზაზე და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო