ისკო დასენი რუმინულ-ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი რუმინულ-ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რუმინეთის ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. (მოქანდაკე დავით მაისურაძე). ასევე, გაიმართა ბესიკ გაბაშვილის რუმინულ ენაზე თარგმნილი ლექსების კრებულის მეორე გამოცემის პრეზენტაცია. გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მისი ეპოქის რუმინეთი და საქართველო. ამავდროულად, იაშის ათენეუმმა უმასპინძლა კიდევ ერთ გამოფენას, რომელიც მიეძღვნა თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობას, სახელწოდებით „თბილისი, ქუთაისი - კულტურა გვაახლოვებს“. პრეზენტაციას კულტურის ცნობილი მოღვაწეები და ლიტერატურის კრიტიკოსები ესწრებოდნენ.

იაშის მერიის ორგანიზებითა და საელჩოსთან თანამშრომლობით გამართულ რუმინულ-ქართული კულტურის დღის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ესწრებოდნენ საქართველო-რუმინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქალაქ იაშის მერი მიხაი კირიკა და ქუთაისის მერიის დელეგაცია მერის, გიორგი ჭიღვარიას ხელმძღვანელობით.

ღონისძიების ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და გარემოს დაცვა. ამ სფეროებში დაგროვილ გამოცდილებას ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირების ორგანოები ერთმანეთს გაუზიარებენ. 25 იანვარს, იაშის წმ. პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ბერბოის ეკლესიაში ჩატარდება ბესიკ გაბაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა