საია - ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საია-ს სურს, ამ შემაშფოთებელი ფაქტიდან გამომდინარე, ხაზი გაუსვას იმ პრობლემებს, რასაც აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგიის არარსებობის თვალსაზრისით.

„აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, ერთი მხრივ, რამდენად ეფექტურად იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის ოჯახში ძალადობისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რა ზომები გატარდა შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, შეფასებას მოითხოვს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერება და ეფექტურობა. მათ შორის: ადგილი ჰქონდა თუ არა შესაბამისი თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივ გადაცდომას გარდაცვლილი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისა და ოჯახის რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას; როგორ და რა პერიოდულობით ხდებოდა ბავშვის კეთილდღეობისა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში; რა ღონისძიებები განახორციელა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 6 იანვარს გარდაცვლილის დედის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდგომ და რატომ არ მოხდა მოძალადისა და მსხვერპლის განცალკევება შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში”, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 4 წლის არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ დროულად მოხდეს ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვისთვის საჭირო ეფექტური ზომების გატარება.

„საია მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარება, მათ შორის, გამოიძიოს, რამდენად იკვეთება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების ქმედებაში სამსახურებრივი გულგრილობა; მართალია გავრცელებული ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტს და თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი იკვლევს სოციალური მუშაკების ქმედებებს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მათ ქმედებებში შესაძლოა, იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის გამოძიება დროულად აწარმოოს პროკურატურამ და არ დაელოდოს შსს-ს გენ. ინსპექციისა და სოციალური სამსახურის დასკვნებს; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირებულობა მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ“ , -ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დროულად გაატარონ საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება ბავშვთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარებისკენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო