სერგო მეთოფიშვილი - ეკა ბესელია თუ ფიქრობს, რომ დისციპლინური სარჩელის შემეშინდება და სასამართლო სისტემას აღარ დავიცავ, ძალიან ცდება

ეკა ბესელია თუ ფიქრობს, რომ დისციპლინური სარჩელით დამემუქრა, შემეშინდება, თავს დავანებებ და სასამართლო სისტემას აღარ დავიცავ, ძალიან ცდება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას, რომ სერგო მეთოფიშვილის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ საჩივრით აპირებს მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მოსამართლის თქმით, ის ყოველთვის დაიცავს სასამართლოს სისტემისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობას.

ეკა ბესელიას მე ვურჩევდი, რომ წყნარად შეიტანოს განცხადება, რისი უფლებაც მას გააჩნია. შეიტანოს განცხადება, ბოლომდე მიჰყვეს და შედეგს რომ მიიღებს, მერე მიმართოს მედიას და შედეგის მიხედვით გაახმოვანოს. ვფიქრობ, რომ ასე აქტიურად, გუშინ და დღეს, ერთსა და იგივე თემაზე საუბარი ვუჩივლებო, უფრო მუქარას ჰგავს. თუ იფიქრებს, რომ რაღაცნაირად ჩემზე გავლენას მოახდენს, ძალიან ცდება. ამიტომ, ვურჩევდი, რომ წყნარად შეიტანოს სარჩელი. პრობლემა არ არის, მას ობიექტურად განიხილავენ. ერთ რაღაცას შევახსენებდი, ადრე ვთქვი, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონშიც წერია, კონსტიტუციაშიც დაფიქსირებულია, ასევე შევახსენებ, რომ არის „ევროპულ მოსამართლეთა საკონულტაციო საბჭოს“ დასკვნა, რომელსაც როგორც ჩანს, ქალბატონი ბესელია არ კითხულობს, აქ არის ასეთი მეათე დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ მართლმსაჯულების საბჭოს მიზანია, დაიცვას სასამართლო სისტემისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა, რასაც მე ვაკეთებ“. - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

რაც შეეხება ბესელიას ასევე ერთ განმარტებას, რომ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და სავარაუდოდ, „ახმოვანებს, გარკვეული ჯგუფის პოზიციას“, სერგო მეთოფიშვილი აღნიშნავს, რომ მას პოლიტიკური განცხადებები არასდროს გაუკეთებია და ყოველთვის იცავდა სასამართლოსა და მოსამართლეების დამოუკიდებლობას, თავდასხმისა და არაჯანსაღი კრიტიკისგან.

„ვისაც აინტერესებს და ვინც რეალობას აღიქვამს, ის ხედავს, რომ მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს. პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ანა დოლიძე. ჩემი ინიციატივით არ გამოვდივარ და არ განვიხილავ რაღაც პოლიტიკურ საკითხებს. მე ვერავინ ვერ დამისახელებს, რომ ჩემი ინიციატივით გამოვედი და რაღაცა შევაფასე. არა, ყოველთვის, როდესაც განხორციელდება NGO-ების მხრიდან თავდასხმა, რომელიც კრიტიკას არ შეიცავს და თავდასხმაა მოსამართლეების ობიექტურობაზე და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, ყოველთვის მოვახდენ ეფექტურ რეაგირებას“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა