გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგია, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს

ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგია, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაკის პარკში მშენებლობასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე დღევანდელი გადაწყვეტილება იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა იმუშაო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა, შეაფასონ ეს პოზიტივი.

„მე ველოდებოდი ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლებს. იმედი მქონდა, რომ ისინი ამ პოზიტიურ გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებდნენ, თუმცა მათ როგორც სჩვევიათ, სცადეს ამ საკითხის გადაფარვა. ეს მათი მცდელობაა გადაფარონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესშია. მინდა, მივულოცო თითოეულ თბილისელს ეს გადაწყვეტილება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიცია არც ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

„სამწუხაროდ, არაფერი თქმულა იმასთან დაკავშირებით, რომ უპრეცედენტოდ გაიზარდა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასევე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მაინც იქნება ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული ის პოზიტიური ნაბიჯები, რომლებიც ხორციელდება. ყველა საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიგიღიათ პასუხი, თუმცა ეს არის თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და ყველა მეთოდებით ცდილობთ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მუნიციპალიტეტი აგრძელებს მუშაობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც თბილისელების ინტერესებს პასუხობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა