მებრძვის ალბათ ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სკამი, თანამდებობა, საკუთარი კეთილდღეობა და ვინც იბრძვის რევანშით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს მის შესახებ გავრცელებული სტატიის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განუცხადა. სტატიაში ბესელიას მიერ ქრთამის შესაძლო აღების საკითხს ეხება.
როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, აპირებს, რომ მსგავსი კამპანიის შესახებ დეტალურად გამოიძიოს და „სერიოზულად მიჰყვეს“. „მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი ძალიან პრინციპული პოზიციის გამო ძალიან ბევრი ოპონენტი მყავს, მაგრამ მგონი ეს გასაკვირი არ არის. თუმცა ის, რომ ასეთი დაფინანსებული გვერდებიდან ვრცელდება ასეთი სტატიები, სხვათა შორის, დღეს ამ საკითხზე ჩემი პოზიცია ვთქვი, რომ ასეთ შემთხვევებს, რომელიც არ მგონია, რომ სუბიექტის გარეშე იყოს - ჰყავს თავისი ავტორი, მე ვაპირებ, რომ უფრო სერიოზულად მივყვე.
რაღაც სისულელეებს ყურადღებას არ ვაქცევ, შინაარსი არ მაინტერესებს, რადგან შეკვეთილი სტატიებია და ახლა ვხედავ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩემი კრიტიკული პოზიცია საჯაროდ გამოჩნდა, გააქტიურდა ასეთი ცილისმწამებლური კამპანია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგეს ის ჯგუფი, რომელიც არის ჩვენი ოპონენტი და ასევე, ის ჯგუფი, რომელსაც ჩემი პოზიცია კრიტიკულად მიუღებლად მიაჩნია, რადგან არ ვიცი, ვინ არის, მე ხელს ვერავის დავადებ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, არ უშვებს იმას, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მისი გუნდის წევრებისგან ხდებოდეს. „მინდა, ამ საკითხს ჩავყვე, ვინც არ უნდა იყოს ამის უკან, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში მექნება ძალიან მწვავე რეაქცია და ისეთი, როგორიც უნდა მქონდეს. არ ვუშვებ იმას, რომ ეს საკუთარი გუნდიდან ხდებოდეს. შესაძლოა, ხდება იმ ჯგუფის მხრიდან, ვისი პირადი ინტერესების გამო ჩვენი პოზიციები ერთმანეთს უპირისპირდება და ჩემში პოტენციურ მოწინააღმდეგეს ხედავს. ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ მე ვარ სახიფათო, მგონია, რომ იმ ადამიანების მხრიდან არის ეს ხელშეწყობილი. არაფერი გამოუვათ, რადგან თქვენ გინახავთ ჩემი ბრძოლა გაცილებით უფრო რთულ დროს და მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც შეაშინებენ, გააკვირვებენ, დააფრთხობენ, შეაფერხებენ ან გააჩერებენ. ასეთი მეთოდები ჩემთვის ღიმილისმომგვრელია. მე გამომიცდია ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადოს და ჩემი გამოცდილების მიღება დასრულებულია. ახლა ყველაფერი არის პრინციპებზე, ნებისყოფაზე, გამძლეობაზე, სახელმწიფოებრივ ხედვაზე, რომ არ მინდა ჩემი ნაბიჯებით სახელმწიფო ინტერესი დავაზიანო. ამიტომ ნაბიჯებს ვდგამ პრინციპულად. რა პოზიციაც ამ პროცესში მქონდა, არ შევიცვლი, თუ გინდათ, მოგვიანებით გადაამოწმეთ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.